რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 10 ავტობუსი ქუთაისს გადაეცა

19/11/2020

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 10 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ ქუთაისს გადასცა.
ღონისძიებას, ესწრებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

“დღეიდან ქუთაისში უკვე იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. ამ ეტაპზე ათივე ახალი ავტობუსი ჩაანაცვლებს ქალაქში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს. ქუთაისს ეტაპობრივად კიდევ 50 ერთეული თანამედროვე, კომფორტული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსი გადაეცემა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ავტობუსებისთვის განკუთვნილი დეპოს მშენებლობა და სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყებს ფუნქციონირებას“ – ზვიად შალამბერიძე.

ამ ეტაპისთვის ქუთაისს გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 10 ახალი ავტობუსი. მომდევნო წლის გაზაფხულამდე კი ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 50 ერთეული (მათ შორის, 6 ცალი 83 მგზავრზე გათვლილი) ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი ავტობუსები დღეიდან ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ჩაანაცვლებს ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს – 6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს ე.წ. წრიულ მარშრუტზე (#1), ხოლო 4 ავტობუსი ავტოქარხანა-წითელი ხიდის მარშრუტზე (#4).
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი. პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.
175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა.
ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0