რეგიონალური შეხვედრა თურქულთან დაკავშირებით

12/04/2016

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკში დაავადება თურქულთან ბრძოლასთან დაკავშირებით გამართულ რეგიონალურ შეხვდრაში. დასავლეთ ევრაზიის 12-ზე მეტი ვეტერინარული სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა და დაავადების კონტროლისა და პრევენციის მექნიზმები. ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. საქართველო დაავადება თურქულის პროგრესული კონტროლის საგზაო რუკის (PCP) მეორე საფეხურს იკავებს. „აღნიშნული დაავადება საქართველოში წლებია არ დაფიქსირებულა და მისი პრევენციის მიზნით საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მასობრივ ვაქცინაციას წელიწადში ორჯერ ახორციელებს.“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ. შეხვედრის მონაწილეებმა მიხეილ სოხაძე დაავადება თურქულის რეგიონული საკონსულტაციო ჯგუფის (RAG) წევრად აირჩიეს.
თურქული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოირჩევა სწრაფი გავრცელებით. მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას, ექსპორტისა და იმპორტის პოტენციალს. დაავადება ფიქსირდება დასავლეთ ევრაზიის რეგიონში (თურქეთი, ამიერკავკასიის ქვეყნები, შუა აზიის ქვეყნები, ირანი, ავღანეთი, სირია პაკისტანი და სხვა).
რეგიონული შეხვედრა ყირგიზეთში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0