რაჭაში „რთველი 2020“ იწყება

09/10/2020

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა. წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელიან. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უხვი მოსავლისა და COVID-19 პანდემიის ფონზე მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
მოსახლეობა მოსავლის დაბინავებას უკვე 10 ოქტომბრიდან შეძლებს. “ხვანჭკარის” ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები იქნებიან ამპელოგრაფები, ხოლო რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა. ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში და ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება.
რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთში, სადაც დღეის მონაცემებით, გადამუშავებულია 260 ათას ტონამდე ყურძენი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0