რაჭაში ,,რთველი 2016“ –ის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

27/09/2016

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი სამანიშვილთან ერთად ქ. ამბროლაურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, სოფლის მეურნეობის რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებსა და ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ძირითად მიზანს რაჭაში ,,რთველი 2016“–ის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
რთველის დაწყებასთან ერთად ოფიციალურად გაიხსნება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას და პროცესების მართვას, იმისთვის რომ მევენახეებმა მარტივად და პრობლემების გარეშე მოახდინონ ყურძნის რეალიზაცია.
შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება რთველის მიმდინარეობის პროცესში რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება .
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0