ამბროლაურში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და ორგანიზებით, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და ადგილობრივ მევენახეებს შორის, რთველთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ესწრებოდნენ.
ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და ადგილობრივ მევენახეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ხარისხიანი „ხვანჭკარის“ ჯიშების ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ფასი- 7 ლარი იქნება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფო ფასის რეგულირების პროცესში არ ჩაერევა, თუმცა აქტიურად ჩაერევა ლოჯისტიკისა და რთველის ორგანიზებულად წარმართვის პროცესში. გახსნილია ლოკაციები, მობილიზებულია საკოორდინაციო შტაბი, სახელმწიფოს მხრიდან სრული მზაობაა რაჭაში რთველი წარმატებულად დაიწყოს. შეხვედრისას არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ დარგის განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, გლეხის შრომა დაფასებული, რათა ჰქონდეთ სტიმული მომავალშიც გააგრძელონ ვენახების გაშენება რაჭაში. შეხვედრა კონსტრუქციულ და მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
რაჭაში რთველი დაიწყო- სახვანჭკარე ჯიშების ფასი 7 ლარი იქნება
08/10/2019