შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ურთიერთკოორდინაციის ფარგლებში, აღნიშნული უწყებების სტრუქტურულმა დანაყოფებმა ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისას ერთობლივი მოქმედების წვრთნა გამართეს.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ვახტანგ გომელაური, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სწავლების დანიშნულება იყო შსს-ს და სუს-ის სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის, შტაბების მუშაობისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონტროლის გააუმჯობესებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით.
სასწავლო წვრთნაში მონაწილეობდნენ: შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის და კონტრტერორისტული ოპერაციების სამმართველოები.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებისთვის სპეცტექნიკის, იარაღისა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.
რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისას ერთობლივი მოქმედების წვრთნა გაიმართა
16/06/2017