პროფესიული განვითარების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა

27/07/2017

რეზიდენტებისა და კლინიკური ორდინატურის კურსდამთავრებულების შედეგების შედარებითი ანალიზის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. რიგით მე-7 სხდომა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. სხდომაზე საგამოცდო სესიის შედეგების ანალიზი იყო წარმოდგენილი. მონაცემების მიხედვით, დსთ-ის ქვეყნებში კლინიკურ ორდინატურაგავლილი 137 კურსდამთავრებულიდან, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი აჩვენა 56%-მა, საქართველოში რეზიდენტურადამთავრებული 142 სტუდენტიდან კი, 80%-მა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ცვლილება ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. „დიპლომისშემდგომი განათლების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები იმ განსხვავებების დაბალანსებას ემსახურება, რომელიც საქართველოში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში დიპლომისშემდგომი განათლების მიმართულებით იყო. ჩვენ არ გვაქვს საწინააღმდეგო ბელარუსის ან უკრაინის დიპლომისშემდგომი განათლების კურიკულუმებთან, მაგრამ ამავე დროს, ვალდებულები ვართ, ჩვენი პაციენტები უზრუნველვყოთ ხარისხიანი და მაღალი კლასის ჯანდაცვით. იმ ცვლილებებში, რაც შევიდა, გათვალისწინებული იქნა გარდამავალი ეტაპის შეღავათები დიპლომისშემდგომი განათლების მაძიებლებისთვის,“ – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა. 2014 წლიდან, საქართველოში დიპლომისშემდგომი მზადება ახალი, შინაარსობრივად და ხანგრძლივობით (3-6 წელი) ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტირებული სარეზიდენტო პროგრამებით მიმდინარეობს. იქამდე, ძალაში დსთ-ის ქვეყნებში დასრულებული ორწლიანი დიპლომისშემდგომი მზადების – კლინიკური ორდინატურის ფორმატის აღიარება რჩებოდა, რაც სასერტიფიკაციო გამოცდაზე უპირობო დაშვების საფუძველს წარმოადგენდა და არ ითვალისწინებდა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას. აღნიშნული ფორმატის აღიარება, არათანაბარ პირობებში აყენებდა ადგილობრივ რეზიდენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, წარმატებით ჩააბარონ დიპლომისშემდგომი გამოცდა, არჩეული სპეციალობით კვოტაში მოსახვედრად მიიღონ მაღალი შეფასება და საკონკურსო ეტაპის გადალახვის შემდეგ, გაიარონ 1-3 წლით უფრო ხანგრძლივი პროგრამები; ამასთან, პრაქტიკულად არ არსებობდა კლინიკური ორდინატორების მზადების პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა. დარგობრივ ასოციაციებთან, ექსპერტებთან და სარეზიდენტო პროგრამების ავტორებთან ერთად განისაზღვრა რეზიდენტურისა და კლინიკური ორდინატურის შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ორდინატურადამთავრებულებისთვის ითვალისწინებს შეღავათიან პირობებს. დიპლომისშემდგომი გამოცდის ჩაბარების პირობად რჩება საგამოცდო ბარიერის გადალახვა (151 ქულა 200-დან). ასევე, გადამზადების კურსის ხანგრძლივობა, სპეციალობათა უმეტეს ნაწილში, არ ითვალისწინებს სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობის სრულად შევსებას; ამასთან, იგეგმება ინსტიტუციური რესურსის გამონახვა, არსებული კვოტების ფარგლებს გარეთ, მათი გადამზადებისათვის. რიგით მეშვიდე პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სულ 16 საკითხი განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0