„უკეთესი ქვეყნისთვის პროპორციული არჩევნების მოთხოვნით“ აქცია 24 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ გაიმართება“, – აღნიშნულის შესახებ მედიას პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით აქციის მოთხოვნები იქნება:
პროპორციულ არჩევნები
არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.
ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, დღესვე უნდა განაცხადოს თუ რას აპირებს არჩევნების შემდეგ.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის განცხადებით, პროპორციული არჩევნების გარეშე ძალიან რთული იქნება რეალური პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დაძაბულობით და „ნაციონალურ მოძრაობას“ თავიანთი ქმედებებით მიჰყავს ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებისკენ.
„დამერწმუნეთ, ამ ორ ძალას აწყობს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ეს იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი, ამ აქციისა. ის დრო, როდესაც გაცხადებული იყო, რომ ჯერ არჩევნები და მერე ვნახოთ რა მოხდება – უნდა დასრულდეს. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა, სიღარიბის, უმუშევრობის, აზარტული თამაშების, გაძვირებული ფასების, მედიკამენტების, უხარისხო განათლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, პენსიების. ხალხს უნდა ამ კითხვებზე პასუხი. პროპორციული საარჩევნო სისტემა არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობაა და არა მიზანი. მიზანი კი, არის ამ პრობლემების აღმოფხვრა. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ვისაც უნდა პროპორციული არჩევნები, დღესვე უნდა განაცხადოს, თუ როგორ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც საზოგადოება დგას. მოვუწოდებ საზოგადოებას, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას მოსთხოვონ კონკრეტული ხედვები თუ როგორ გაუმკლავდებიან აღნიშნულ პრობლემას და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი საზოგადოება, ეს იქნება პროპორციულით, მაჟორიტარულით, გერმანული მოდელით თუ ა.შ. დარჩება ისევ მოტყუებული“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
24 ნოემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები არიან: დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, სხვადასხვა მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“.