პროკურორებისთვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირების, გამოძიებისა და პრევენციის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

10/10/2017

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიზანი, ზემოაღნიშნული კატეგორიის დანაშაულების იდენტიფიცირების, კვალიფიკაციის და გამოძიების შესახებ მონაწილეთა ცოდნის გაძლიერება იყო. პროგრამა ასევე მოიცავდა ინფორმაციას დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელი მექანიზმების შესახებ. ტრენინგი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა (EMC) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან (WISG) თანამშრომლობით განხორციელდა.
ორდღიანი სწავლების ფარგლებში აქტიურად განიხილებოდა შემდეგი საკითხები: სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული კანონმდებლობა, ჰომოფობია, ტრანსფობია, სტერეოტიპიზაცია, დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლებთან და მოწმეებთან მუშაობა, სიძულვილის მოტივის იდენტიფიკატორები, მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სასწავლო პროგრამა დატვირთული იყო დისკუსიებითა და არსებული პრაქტიკული გამოწვევების განხილვით.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის შესაძლებლობების გაძლიერებასა და პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ინტენსიურად ხორციელდება. აღნიშნული პროცესის მიზანი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და პროფესიული საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0