პროკურორები და პროკურატურის სისტემის გამომძიებლები ანტიდისკრიმინაციის თემაზე დისტანციურ სასწავლო კურსს გაივლიან. ეს არის პირველი დისტანციური სწავლების პროგრამა, რომელიც საქართველოს პროკურატურაში ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ანა ზეცმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების მენეჯერმა პიტერ დენისმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დირექტორატის წარმომადგენელმა ევა პასტრანამ გახსნეს.
პირველი პროექტის ფარგლებში, 20 პროკურორი და სისტემის გამომძიებელი 3 თვის განმავლობაში სწავლებას დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე გაივლის. სწავლება HELP-ის პლატფორმის გამოყენებით განხორციელდება, რომელიც პროფესიონალი იურისტებისთვის არის განკუთვნილი და ადამიანის უფლებათა სხვადასხვა თემებს მოიცავს.
სასწავლო პროგრამა მომზადებულია ევროსაბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ის თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობას მისცემს გაეცნოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კონცეფციებსა და პრინციპებს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ჰქონდეს ფართო წარმოდგენა იმ საერთაშორისო და ევროპულ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ებრძვიან დისკრიმინაციას. დისტანციური სწავლების მოდული, თეორიულ მასალებთან ერთად, დატვირთულია პრაქტიკული დავალებებითა და სავარჯიშოებით. კურსის გავლის შემდეგ წარმატებულ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს პროკურატურის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ამასთან, სისტემაში განათლების თანამედროვე მეთოდებისა და დისტანციური სწავლების დანერგვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სწავლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და რესურსების დაზოგვას.
პროკურორებისთვის დისტანციური სწავლების პროგრამა იწყება
13/04/2016