საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, დღეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ნორა არღვლიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 17 ნოემბერს, ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ნორა არღვლიანის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა ნორა არღვლიანის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს სამართალდამცავებმა თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ და მას ბრალდება წარუდგინეს ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე.
2006 წლის 25 ივლისს, კოდორში განვითარებული მოვლენების დროს, ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ კოდორის ხეობაში, სადაც ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა ემზარ კვიციანის და ნორა არღვლიანი, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა სამართალდამცავებისთვის არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, ნორა არღვლიანის, ადგილობრივი მოსახლეობის და კოდორისგან ჩამოცილების და გაქცეულ ემზარ კვიციანზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს ნორა არღვლიანის შეპყრობა.
კოდორის ხეობის დაკავებიდან მეორე დღეს, 27 ივლისს, შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ნორა არღვლიანს და ყოველგვარი დაკავების ოქმის შევსების და სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, მისი უფლებების უხეში დარღვევით, იგი გადაიყვანეს თბილისში მოდულის შენობაში და მხოლოდ 29 ივლისს, მისი შეპყრობიდან 2 დღის შემდეგ დაიწყეს ყალბი მტკიცებულებების შექმნით პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.
კერძოდ, სამართალდამცავების ოფიციალური ვერსიით, ნორა არღვლიანის დაკავება თითქოს მოხდა 29 ივლისს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების შემდეგ. მაშინ როდესაც ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანის საცხოვრებელ ბინაში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავები კოდორის ხეობაში საერთოდ არ ყოფილან და კოდორის ხეობაში მათი შესვლისას მისი საცხოვრებელი სახლი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიტუაციის მართვის შტაბად გამოიყენებოდა, ნორა არღვლიანი კი უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მოდულის შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი.
ნორა არღვლიანის ბრალდების დამძიმების და მისთვის მძიმე სასჯელის დაკისრების მიზნით, მას ასევე წარუდგინეს მითვისების ცრუ ბრალდება, თითქოს 2005 წელს, მან ჰუმანიტარული საქონელი ნაცვლად სოფელ ჩხალთის მოსახლეობისთვის დარიგებისა, თავად მიითვისა და ასევე თითქოს იგი მოუწოდებდა ბატალიონ ,,მონადირის“ წევრებს არ დამორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. აღნიშნული ბრალდებები სრულად იქნა გამორიცხული ახალი გამოძიებით და დადასტურდა ნორა არღვლიანის უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებებში. ცრუ ბრალდების საფუძველზე ნორა არღვლიანმა საპატიმრო დაწესებულებაში 6 წელი გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2012 წლის ნოემბერში მოხერხდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული სამივე ეპიზოდში გაამართლა. ნორა არღვლიანის დარღვეული უფლების აღდგენა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდა, რა საფუძვლითაც განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით, პროკურატურის ახალ დეპარტამენტს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის კიდევ სხვა მოქალაქეების საქმეებზეც აქვს მიმართული.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 22 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 6 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა არღვლიანის (კვიციანი) მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა
28/02/2017