პროკურატურის ორგანოებში 30 სტაჟიორი ვაკანტურ პოზიციებზე დაინიშნა

Wednesday March 2nd, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში 2015-2016 წლებში სტაჟირების გავლის შედეგად, სტაჟირების გავლის კომისიის მიერ შერჩეული საუკეთესო შედეგების მქონე 30 პირი პროკურორისა და გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნა. დღეს, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად ახლადდანიშნულ პროკურორებსა და გამომძიებლებს პირადად შეხვდა, სტაჟირების ეტაპის წარმატებით გავლა მიულოცა, შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სერთიფიკატები გადასცა.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორები ერთი წლის განმავლობაში პროკურორისა და გამომძიებლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ და კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, რის შემდეგაც გასაუბრება გაიარეს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიასთან, სადაც მათი ერთწლიანი საქმიანობის შეფასება მოხდა. შეფასებისას გათვალისწინებული იყო მათ მიერ გაწეული საქმიანობა, სტაჟირების ხელმძღვანელების შეფასებები, გავლილი ტრენინგები და ტესტირებები.
ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 500-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში 452 პროკურორიდან 230, ხოლო 93 გამომძიებლიდან 47 ყოფილი სტაჟიორია. რაც შეეხება მენეჯერულ პოზიციებს, მათი უმრავლესობა ასევე სტაჟირებაგავლილ პირებს უკავიათ. მათ რიცხვში შედის მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები, სამმართველოს უფროსები, საოლქო და რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0