პროკურატურა უკანონოდ მსჯავრდებული 14 პირის საქმეს გადასინჯავს

22/09/2017

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული 14 მსჯავრდებულის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ეხება 2006 წლის სექტემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რასაც შედეგად მოჰყვა პოლიტიკური პარტიების: „XXI-ე საუკუნე – ენა, მამული, სარწმუნოების“, ,,სამართლიანობის“, ,,იმედის“ და ,,კონსტიტუციურ-მონარქისტული პარტიის“ წევრების მასშტაბური უკანონო დაკავებები, ხოლო შემდეგ უკანონო მსჯავრდებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით, კოალიციური პოლიტიკური პარტიის წევრები: მაია ნიკოლეიშვილი, ზაზა დავითაია, გელა არჩუაძე (საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ცნობილი იქნა პოლიტიკური ნიშნით დევნილად), თეიმურაზ ჟორჟოლიანი, მაია თოფურია, კახაბერ ქანთარია, რამაზ სამნიძე, რევაზ ბულია, გურამ პაპუკაშვილი, გიორგი ახობაძე, გიორგი მეტრეველი, ვარლამ გალდავა, იაკობ კვინიკაძე და ვახტანგ ტალახაძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0