2017 წლის 4 დეკემბერს, თბილისის პროკურატურამ ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი – თ.კ., მ.კ., ლ.კ., გ.შ. და ზ.წ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაფარეს არასრულწლოვანი გ.ჯ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ისინი აქტიური ქმედებებით შეეცადნენ დანაშაულის კვალის დაფარვას, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების გადამალვას და განადგურებას, ასევე ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ-ს მიმალვას.
აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით (დანაშაულის დაფარვა) წარედგინათ.
ბრალდებულთაგან 3 პირი დაკავებულია, ხოლო 2 პირის მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რის გამოც მათი დაკავება არ მოხდა. კერძოდ, ერთი მათგანი არის 17 წლის და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის კანონი არ ითვალისწინებს მის დაკავებას, ხოლო მეორე პირი არის 21 წლამდე, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია მისი მამა.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.
ბრალდებულ პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება.
პროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა
04/12/2017