პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

01/08/2017

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მოქალაქე დ.ტ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 31 ივლისს, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ტ.-მ ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად სცემა დაბმული ძაღლი. მიყენებულმა დაზიანებებმა ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებული დ.ტ.-სთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა და 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0