პროკურატურამ მ.მ.-ს და მ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა

10/06/2018

საქართველოს პროკურატურამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. მ.მ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით), ხოლო მ.ს.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება, კერძოდ მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს შეცვლიდა გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და გ.ჯ.-ს არ ამხელდა დანაშაულში, მას მატერიალურად დაეხმარებოდა და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0