საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულ მოქალაქეს თბილისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინა დაუბრუნდება, ხოლო ორი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე. დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის აგვისტოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქ. თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდა მოქალაქე მურმან მუმლაძის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა დაპატიმრება. მურმან მუმლაძეს და მის ადვოკატს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ პირად საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დათმობას სთხოვდნენ. ბრალდებულზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მურმან მუმლაძემ გარდა საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის – 290 000 ლარის გადახდისა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ევდოშვილისა და სოხუმის ქუჩების გადაკვეთაზე, საერთო ფართით 120 კვ.მ.
პროკურატურამ მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო
29/09/2017