პროკურატურამ კი დახურა ე.წ. შეწყალების საქმე, მაგრამ მე არ დამიხურავს

23/03/2016

“პროკურატურამ კი დახურა ეს საქმე, მაგრამ ეს საქმე მე არ დამიხურავს”, – ასე გამოეხმაურა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მთავარი პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. ,,კოკაინის საქმეზე” ჩადენილი შესაძლო კორუფციული ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

ელისაშვილის თქმით, ის სამართლებრივი გზებით ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და აცხადებს, რომ საქმეზე პასუხს აგებინებს როგორც პარლამენტის დეპუტატებს, ასევე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს.

“პროკურატურამ კი დახურა ეს საქმე, მაგრამ ეს საქმე მე არ დამიხურია. ეს არის ჩემი ღირსების საქმე და მე, ბესელია-კობახიძის გარდა, ამ საქმის ჩაფარცხვის და მტკიცებულებების გაყალბების გამო კანონის წინაშე აუცილებლად ვაგებინებ პასუხს პროკურორებს და ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს.

მე ამ საქმეს ადრე თუ გვიან ბოლომდე მივიყვან. “ქართულმა ოცნებამ”, ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა გამოცდა. მან ტრადიციისამებრ ისევ დააფარა ხელი თავის კორუფციულ ჩინოვნიკებს, მაგრამ ამ საქმეს არ ვაცხადებ დახურულად”, -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზეგავლენით ვაჭრობის ნიშნებით გამოძიება 2015 წლის 8 დეკემბერს დაიწყო საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლის თანახმადაც, შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას მობილურ ტელეფონზე სისტემატიურად უკავშირდებოდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, უგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, გამოხატავდნენ არაჯანსაღ დაინტერესებას და მისგან მოითხოვდნენ ე.წ. “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტას. შემდგომში, პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ,,კოკაინის საქმეზე” ჩადენილი შესაძლო კორუფციული ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0