თბილისის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობითი ორგანოს 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის, „თბილისის მეტროს მოდერნიზაციის“ პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ იმსჯელეს. საკითხი, რომელსაც საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს, „სსიპ – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა წარადგინა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, რაც ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების პანელების შეცვლას, მგზავრთა ინფორმაციის შეტყობინების სისტემის განახლებას, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის და სადგურებზე უწყვეტი კვების რეჟიმის შეცვლას გულისხმობს. ამას გარდა, ესკალატორებიდან ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით სპეციალური პროექტიც განხორციელდება.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის, ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა. რის შემდეგაც, დეპუტატებმა „თბილისის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში რამდენიმე ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს.
ცვლილებები შევიდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების “ და „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებებში. დღესვე საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები შეათანხმეს.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე იჯარით გადაცემის საკითხებსაც დაუჭირეს მხარი. დეპუტატებმა სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხიც განიხილეს და შესაბამისი ხელშეკრულების პირობები შეათანხმეს. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება
27/01/2023