თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ მგზავრთა ნაკადების მატებასთან დაკავშირებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ ჩასასვლელებში ახალი, დამატებითი ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტები – ე.წ. ტურნიკეტები მოეწყობა.
„პრობლემურია მეტროსადგურები „ვარკეთილი“ და „ახმეტელის თეატრი“, სადაც ჩასასვლელ-ამოსასვლელი ვერ ატარებს იმ მგზავრების ნაკადს, რომელიც მეტროპოლიტენს განსაკუთრებით პიკის საათებში იყენებს. ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა, განსაზღვრულია პრობლემები და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რასაც ვუყურებთ, მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემაა ე.წ. ტურნიკეტები, რომელიც ვერ ატარებს პიკის საათში მგზავრთა გაზრდილ ნაკადს. აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ვმუშაობთ ასევე, რომ მოხდეს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება და განხორციელება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, მანამდე, მოკლევადიან პროცესში რაც გასაკეთებელია, ესაა თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტების – ე.წ. ტურნიკეტების პროექტის განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრსა“ და „ვარკეთილში“ დღეს გვაქვს შვიდი გასასვლელი, ხოლო ახალი „ტურნიკეტების“ მოწყობის შემთხვევაში, გვექნება ცხრა გასასვლელი, რაც მგზავრთა გამტარუნარიანობას 30%-ით გაზრდის.
„თუ დღეის მდგომარეობით, თითოეულ სადგურს შეუძლია გაატაროს 6 300 მგზავრი საათში, ახალი „ტურნიკეტების“ დაყენების შემთხვევაში, შევძლებთ საათში 8 100 მგზავრამდე გავზარდოთ გამტარუნარიანობა. შესაბამისად, პიკის საათებში, ზემოთ დასახელებულ მეტროსადგურებში აღარ გვექნება ზედა ვესტიბიულში რიგები. ეს არის მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემის მოგვარება. დაახლოებით, ხუთი-ექვსი თვე დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას. მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება, რათა ადამიანებს არ მოუწიოთ გარკვეული დროის განმავლობაში დაყოვნება აღნიშნული მეტროსადგურების ჩასასვლელებში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ორი დღის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – დღის განმავლობაში, მგზავრთა ჯამური გადაყვანის რაოდენობა (მეტრო, ავტობუსები, საბაგირო) 1 035 000 იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, როგორც მეტროსთვის, ასევე ავტობუსებისთვის. მისივე განცხადებით, მეტროს შემთხვევაში, განხორციელდა 502 508 მგზავრობა, ავტობუსის შემთხვევაში – 532 076 მგზავრობა. თბილისის მერმა ასევე, იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც გასულ კვირას მეტროს პირველი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელ გვირაბში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით განხორციელდა.
„როგორც იცით, „სადგურის მოედანზე“ ჩვენი თანამშრომლებით დავიწყეთ ნაკადების მართვა, რაც წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, ჩვენს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის გაგრძელება, განსაკუთრებით, პიკის საათებში, როდესაც ამ სივრცეში ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება. პროცესებს მთელი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით და დღეის მდგომარეობით, გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. ნაკადების მართვას გავაგრძელებთ, როდესაც მგზავრთა დიდი რაოდენობა მოიყრის თავს „სადგურის მოედნის“ გადასასვლელ გვირაბში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მეტროს სისტემაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, შშმ პირებისთვის შერჩეული სადგურების სრული მექანიზაცია-აღჭურვა იგეგმება.
„ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიისთვის“ (CDIA) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ჩართულობით, ჩავატარეთ წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ინვესტიციების გაგრძელება თბილისის მეტროს სისტემაში. პირველ რიგში, ჩვენ უსაფრთხოების მიმართულება მოვაწესრიგეთ. დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელები მთლიანად განახლდა, შეიცვალა. ასევე, მოწესრიგდა მეტროს გამნიავებელი სისტემები – ახალი აგრეგატები დაყენდა, თუმცა, რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან მეტროს განახლება ბევრი მიმართულებით სჭირდება. პროექტის ძირითადი მიზანია, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მიმზიდველობის ზრდა, მათ შორის, ეს გულისხმობს მეტროპოლიტენის გარკვეული სადგურების ადაპტაციას შშმ პირთა მოთხოვნილებებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ასევე, ითვალისწინებს მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 11 მეტროსადგურის გარშემო.
„პროექტის ფარგლებში, დაიწყება სამუშაოები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის დასასრულებლად. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ჩვენ ამას მომზადებული უნდა შევხვდეთ. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 11 მეტროსადგურის გარშემო, ასევე, შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის. პროექტის საერთო ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარი იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთანავე, „თბილისის მეტროს სადგურების განახლების“ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც 11 მეტროსადგურისა და ბაქნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. დედაქალაქის მერის თქმით, ქართული კომპანიები აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ და ტენდერების გამოცხადება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდება.
„პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (EBRD) ერთად პროექტზე – „თბილისის მეტროს სადგურების განახლება“, რომელიც მიზნად ისახავს 11 სადგურისა და ბაქნების სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის, ესკალატორების განახლებას თანამედროვე მოდელებით. მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის ჩვენ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გვაქვს გარკვეული პრობლემები. ქართული კომპანიები ამ სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ. შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, ტენდერები გამოცხადდება 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე. უცხოურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მასში მონაწილეობა მიიღონ. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 44 მილიონ ევროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მეტროს რეფორმის შემადგენელ ამ და სხვა პროექტთან დაკავშირებით, დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან აქტიური მუშაობა გრძელდება. დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდმა ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დაასრულა.
„პროგრამა „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი განვახორციელეთ – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ანტონ კათალიკოსის ქუჩის N30 და N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, კათალიკოსის ქუჩა N30-ში მდებარე ავარიული სახლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა განხორციელდა. ასევე, მოეწყო კომუნიკაციები და ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები. კათალიკოსის ქუჩა N32–ში მდებარე შენობა კი კონსტრუქციულად გამაგრდა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, აღდგა დაზიანებული სახურავი და მოწესრიგდა წყლის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებს და მის დეკორატიულ ელემენტებს. მსგავსი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ, რადგან კულტურული მემკვიდრეობა ამ ქალაქის ხიბლია. ეს ის შენობა-ნაგებობებია, რომლებიც უნდა აღვადგინოთ და შემდეგ, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს მოწესრიგებული გადავცეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აქვე, „თბილისობა 2022“-ის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
„გასულ უქმეებზე ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება – „თბილისობა“ გაიმართა, რომელიც ორწლიანი პაუზის გამო, ყველას მონატრებული გვქონდა. საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, უამრავი ადამიანი იყო გამოსული ამ ორი დღის განმავლობაში. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს, რომელიც უშულოდ ჩართული იყო ამ ღონისძიებების მოწყობაში და ღამეებს ათენებდა იმისთვის, რომ იქ მისულ ადამიანებს თავი სასიამოვნო გარემოში ეგრძნოთ. ასევე, მადლობას ვუხდი კონცერტებში მონაწილე მუსიკოსებს, მომღერლებს, ტექნიკურ ჯგუფებს; კომპანიებს, ვინც შექმნეს თბილისური გარემო და გააცოცხლეს თბილისური ისტორიები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც დედაქალაქში უსაფრთხოების დაცვა უმაღლეს დონეზე უზრუნველყვეს. კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი – გულიკო რევიშვილი წარუდგინა, რომელიც მერიის ცხელი ხაზის თანამშრომელია.
„მინდა, ტრადიციულად გაგაცნოთ მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომელი – გულიკო რევიშვილი. დედაქალაქის მერია სწორედ ასეთ წარმატებულ, პროფესიონალ, კეთილსინდისიერ ადამიანებზე დგას, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან თბილისს. ქალბატონი გულიკო მერიის სისტემაში 40 წელზე მეტია მუშაობს, ხოლო მერიის ცხელ ხაზზე – მისი დაარსების დღიდან. ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია. მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც წლების განმავლობაში ჩვენი ქალაქისთვის აკეთებდა და რასაც მომავალში გააკეთებს. მრავალი წელია ქალბატონი გულიკო ზრუნავს ჩვენს მოქალაქეებზე, მათ საჭიროებებზე. მას არაერთი დამწყები თანამშრომელი აღუზრდია და გამოცდილება გაუზიარებია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აქვე, პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და თავიანთ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„მინდა, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მივულოცო ჩვენს პედაგოგებს, ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი მომავალი თაობის ცოდნა და განათლება. ზუსტად თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე. მინდა გისურვოთ, რომ გაგმართლებოდეთ იმედები და ის შრომა, რომელსაც თითოეული ბავშვის აღზრდაში დებთ. მინდა, წარმატებები გისურვოთ ყველას“, – მიმართა კახა კალაძემ პედაგოგებს.