იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
პროექტის თანახმად, დაკონკრეტდა დეფინიცია, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ხანდაზმულობა არ გამოიყენება კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების მიმართ, კერძოდ, მუხლების, რომლებიც ითვალისწინებს წამებას, წამების მუქარას და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას.
ახლებურად განისაზღვრა ძალადობის მუხლი. ცემა განისაზღვრა ძალადობის ერთ-ერთ სახედ და შესაბამისად კოდექსიდან ამოღებულ იქნა მუხლი, რომელიც ცალკე ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ცემისათვის.
კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება 144¹-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – წამების ობიექტთა წრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს ემატება შემდეგი გარემოებები: სამედიცინო მანიპულაციების, მედიკამენტების ან სპეციალური ინსტრუმენტების (ხელსაწყოების) გამოყენებით, რომლებიც განკუთვნილია წამებისთვის; ანგარებით; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში აღიარების იძულების მიზნით ან მესამე პირის წინააღმდეგ ცრუ დასმენის მიზნით. ანალოგიურად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებას ემატება შემდეგი გარემოებები: სექსუალური ხასიათის ძალადობის გამოყენებით; – რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
იმავდროულად, მკაცრდება მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა. მოქმედი ნორმის შესაბამისად, ეს ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით ხუთ წლამდე, ხოლო კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით, ვადით თორმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 5 წლამდე.
მოქმედი კანონით, პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. კანონპროექტით ეს ქმედებები დასჯადია შესაბამისად – თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან შვიდ წლამდე და თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წინა მოწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული და ორი მოსმენით მიღებული. აღნიშნული პროექტის, ისევე როგორც სხვა 31 კანონპროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება ახალი მოწვევის პარლამენტმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საზოგადოებრივი გაერთიანება „ზვიადის გზა – უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საკანონმდებლო წინადადება საარჩევნო რეგისტრაციის ვადების ცვლილებას შეეხება და ითვალისწინებს პარტიებისთვის, რომელსაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავს და პარტიებისთვის, რომელსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს, რეგისტრაციის ერთნაირი რეჟიმის დაწესებას.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება არ არის საკმარისად დასაბუთებული, არ ემსახურება რომელიმე პრობლემის მოგვარებას და კანონით დადგენილი ვადები, წინადადებით შემოთავაზებულ ვადებთან შედარებით, უფრო ხელსაყრელია პარტიებისთვის.
პროექტის თანახმად, დაკონკრეტდა დეფინიცია
01/12/2016