„2020 წლის ბიუჯეტში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაგრძელდება მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ყველა ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტის ჩათვლით. პროგრამის კომპონენტების მიზნობრიობა გამკაცრდება, ხოლო ეფექტიანობა გაიზრდება,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრისგან დავალება გვაქვს მიღებული, რომ გავაძლიეროთ ეფექტური მართვა, გავხადოთ უფრო მიზნობრივი, მეტად ადრესირებული საჭიროებებზე, გამოვყოთ კონკრეტული დარგობრივი პრიორიტეტები – ამ დახმარების ძირითადი ადრესატი უნდა იყოს მცირე ბიზნესი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესზე, რომელიც 2020 წელს მნიშვნელოვნად გააქტიურდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი სახელმწიფო ქონება ჩაერთოს ეკონომიკაში და ამით ეკონომიკურ ზრდას დაჩქარებას შეეწყოს ხელი. ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ობიექტი, განსაკუთრებით რეგიონებში, ასევე უწყებრივი მიმართულებებით, რომლებიც უფრო ეფექტიან განკარგვას საჭიროებს.
ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება ბიზნესის ხელშეწყობის კიდევ ერთ პროგრამაზე. საუბარია ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ყველა სერვისის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნაზე. „ყველა ეს პროგრამა, რაც არსებობს ჩვენი სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, ერთიან ელექტრონულ პლატფორმაში მოექცევა, რაც ჩვენ მოქალაქეებს საჯარო უწყებებისგან სერვისების მიღებას გაამარტივებს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.