პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია „მეგადორსმა“, სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა და ავეჯის წარმოების დაწყებასა და შოურუმის მოწყობას გეგმავს. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი ამჟამად კარების წარმოებითაა დაკავებული.
„მომავალში, განსაკუთრებით კი, პოსტპანდემიურ პერიოდში, ჩვენ ვააქტიურებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და უფრო მეტად დავეხმარებით ქართულ წარმოებას და ქართულ ბიზნესს. ქართული წარმოება არის ძალიან კონკურენტუნარიანი, რადგან პანდემიის პერიოდშიც კი აჩვენებს პოზიტიურ დინამიკას“, – ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „მეგადორსის“ საწარმოში ვიზიტისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ სწორდ პანდემიის პერიოდში, მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი მხარდაჭერით წარმოება გააფართოვოს. ამ ეტაპზე „მეგადორსი“ კარების წარმოებითაა დაკავებული, თუმცა ახლა ავეჯის წარმოებას აამოქმედებენ. მთლიანობაში, ეს ნიშნავს 90-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას, მნიშვნელოვან ინვესტიციებს პანდემიის პერიოდში, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, რითიც ჩვენი ეკონომიკა ამაყობს და ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იარაღია, ძალიან წარმატებით ასრულებს ფუნქციას – უკვე 600-ზე მეტი სხვადასხვა საწარმო და სასტუმროა მხარდაჭერილი, 6000-ზე მეტი მიკროგრანტია ოჯახებზე გაცემული მიკროსამეწარმეო საქმიანობისთვის და, ჯამში, შექმნილია 34 000 ახალი სამუშაო ადგილი.
რაც შეეხება „მეგადორსს,“ რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, დამტკიცებული კრედიტის ფარგლებში დამატებით 6 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პირველ ეტაპზე, საწარმოში სულ მცირე 22 ადამიანი დასაქმდება, თუმცა პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად, კომპანია დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.