საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა სხდომაზე საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მესამე კვარტალში 745,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მესამე მონაცემებზე ორჯერ მეტია. სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს, მათ შორის, პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. განიხილეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები, ასევე, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გასაზრდელად ქვეყანაში მაღალი ეფექტიანობისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით აღჭურვილი თბოელექტროსადგურების მშენებლობის საკითხები. იმსჯელეს ასევე ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ყურადღება გამახვილდა ზამთრის ტურისტული სეზონისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მზადყოფნის საკითხთან დაკავშირებით. პრემიერმა ისაუბრა ზამთრის კურორტებზე დაგეგმილ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ გუდაურში იგეგმება ახალი საბაგიროს აშენება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ამასთან, პრემიერის თქმით, დამონტაჟდება გათოვლიანების სისტემა გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის.
საბჭოს წევრებმა განიხილეს აჭარაში ციტრუსის რთველის მიმდინარეობის პროცესი. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, 45 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 4500 ტონამდე სტანდარტული მანდარინი, რაც შეეხება არასტანდარტულ ციტრუსს მიღებული და გადამუშავებულია 200 ტონა.
პრემიერ-მინისტრ ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
10/12/2022