პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის ანგარიში

27/12/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა.
“მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, პატივცემულო სტუმრებო, საპატრიარქოს წარმომადგენლებო, ძვირფასო ელჩებო, საელჩოების წარმომადგენლებო. პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დღეს მინდოდა ერთგვარი ანგარიში ჩამებარებინა საზოგადოებისთვის და თქვენთვის. დიდი პატივია ჩემთვის, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველამ ერთად ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. მთავრობა, პარლამენტი, მთელი საზოგადოება იყო ჩართული ამ პროცესის მართვაში. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა, შეიძლება ითქვას, გამარჯვებული გამოვიდა ამ ეტაპზე. პირველ რიგში, მე მინდა დავიწყო რეგიონის სიტუაციის აღწერით. ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის არის დიდი გამოწვევა. ამ ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე, ჩვენს რეგიონზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყველაზე, მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე და შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული. ეს არის ურთულესი გამოწვევა, ამიტომ, ამ გამოწვევას სჭირდება ძალიან გონივრული მართვა და ჩვენ შესაბამისად ავაწყეთ ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ამ პოლიტიკას ვახორციელებთ. მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენი გუნდის წევრების საერთო სულისკვეთება არის, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი მოტივაციით, ამ იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენი ხალხის ინტერესებს.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით, კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და მათი დამოუკიდებლობის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
მანამდე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ჯერ კიდევ პანდემიის დროს, შემდეგ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ არაერთი გამოწვევა დაძლია. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ პანდემიიდან არ იყო ჩვენი ქვეყანა გამოსული, და ახლა უკვე დაიწყო ეს დამანგრეველი ომი, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემებს წარმოშობს, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ საერთო ძალისხმევით, ჩვენს გუნდთან ერთად, პარლამენტთან ერთად, მთელმა ხელისუფლებამ, რომ ზედიზედ ორი წელია, ჩვენ გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კონვერტირდება, ეს სიკეთე და კეთილდღეობა აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე.
მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა, გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ. ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ჩვენი ყველას ჩართულობით, და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, და ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების” დამსახურება. რაც შეეხება ეკონომიკას,მინდა რამდენიმე კონკრეტული შედეგები მოგახსენოთ. პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10.5%-ანი ეკონომიკური ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შედარებისთვის შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს, 2021 წელს გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, წელს უკვე მოსალოდნელია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 6 700 დოლარი დაახლოებით და ჩვენი პროგნოზებით, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8 000 დოლარს მიუახლოვდება. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს იყო დაახლოებით 50 მილიარდი ლარი, 2023 წელს იქნება 80 მილიარდი ლარი – ანუ სამ წელიწადში 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს, რაც დამეთანხმებით რომ არის საკმაოდ სერიოზული პროგრესი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ტემპი არ უნდა შეჩერდეს, პირიქით უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი პასუხისმგებლობით, მეტი ტემპით უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და რეფორმები. საგარეო ვალი, ინფორმაციისთვის, 2020 წელს გაიზარდა 60%-მდე, მშპ-სთან მიმართებაში, 2022 წელს – წელს ვალის 39%-მდე ჩამოსვლა შევძელით, ხოლო მომავალ წელს იქნება 38%, 22%-ზე მეტი კლება გვაქვს ვალის სულ რაღაც 2 წელიწადში.
პანდემიის დროს, გახსოვთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იყო ძალიან მაღალი, 9,3% პროცენტი იყო დეფიციტი. შარშან, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად მაშინ ჩამოვწიეთ 6,1%-მდე, შემდეგ, წელს უკვე 3%-მდე მოვახერხეთ დეფიციტის შემცირება და გაისად უკვე 2,8% იქნება ბიუჯეტის დეფიციტი, რაც ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია, მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.
ახლა რაც შეეხება ექსპორტის მონაცემებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო ორ წელში საგრძნობლად გავზარდეთ ექსპორტი, 32%-ით არის გაზრდილი იანვარ-ნოემბერში ექსპორტი და შეადგინა 5 მილიარდ დოლარზე მეტი, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 21%-ით არის გაზრდილი და 3 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გაუტოლდა, იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 17 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, რაც ჩვენ თუ შევადარებთ წინა წლის მონაცემებს არის 32 %-ანი მატება. აქვე მინდა აღვნიშნო, 10 თვის სავაჭრო მონაცემების მიხედვით, ეს მონაცემები, შარშანდელ მთელი წლის მაჩვენებელზე მეტია.
ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპებით აღდგა, შეიძლება ითქვას, რომ სრულად აღდგა. ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი რეზერვი, გაისად რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 3,2 მილიარდ დოლარს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სატრანსპორტო გადაზიდვები – საავტომობილო, რკინიგზა, რეკორდულია წელს – 25 მილიონი ტონა იქნა გადაზიდული, რაც თითქმის 20%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე პოზიტიური წელი იყო, ძვირფასო მეგობრები, წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის თვალსაზრისით, 100%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შეადგინა თითქმის მილიარდ შვიდასი მილიონი დოლარი ბოლო ათ თვეში, ჩვენ თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ 2021 წელს, როგორც გითხარით 100%-ით არის მატება. 2019 წელთან შედარებით ეს არის 72%-ანი მატება, აქედან მინდა აღვნიშნო რომ ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 47%-ია. სიღარიბე და უმუშევრობა, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება.
მესამე კვარტალი ამ კუთხითაც გამოირჩეოდა. უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია – 15,6% შეადგინა უმუშევრობის დონემ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2 წელიწადში – 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. 229 000 ადამიანი დასაქმდა ამ ბოლო 2 წელიწადში. აქედან არასახელმწიფო სექტორში 209 ათასი ადამიანია დასაქმებული. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმებული არის ბოლო 6-7 თვეში. რესურსი არის ძალიან დიდი. მოგეხსენებათ, რომ 200 000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი და ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ როგორც კერძო სექტორში, ასევე, საჯარო სექტორში.
მე, ასევე, მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, რომ ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით წელს. საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზი არის შემდეგი, რომ საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და ევროპის მასშტაბით. ეს არის ჩვენი პარტნიორების, IMF-ის, მსოფლიო ბანკის პროგნოზები.
რაც შეეხება ენერგეტიკას, ენერგეტიკა ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ და მეტი ძალისხმევა ჩავდოთ ამ მიმართულებით, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ. ბოლო 5 წელი თითქმის გაჩერებული იყო ინვესტიციები ამ სფეროში, ამ დარგში.
ჩემი დავალებით, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ IMF-თან და შევთანხმდით, რომ ახალ სქემას ავამოქმედებთ, ეს უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ.
ჯამში ჩვენ 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს და ამის შემდეგ, ამას გარდა, 800 მეგავატი, რომელიც უკვე გაფორმებული იყო და მათზე იყო გაცემული ე.წ. PPA, ანუ გარანტირებული შესყიდვის შეთანხმებები, ეს 800 მეგავატიც გაეშვება.
ჯამში, მინიმუმ 2-3 წელიწადში, 2300 მეგავატამდე, დაახლოებით, სიმძლავრის ჰესებზე არის საუბარი. ეს არის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. აქ შედის როგორც ჰიდრო, ასევე მზის, ქარის ენერგიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას განვუმარტო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მით უმეტეს, ჩვენ ახლა ვუყურებთ რა ხდება ევროპაში – ენერგოკრიზისი, ფასების მატება. საშუალო ფასი ერთ კვტ/სთ ელექტროენერგიის შეადგენს 20 ცენტს ევროპის ქვეყნებში. გერმანიაში 80 ცენტიც კი დაფიქსირდა ზაფხულის თვეში, ზოგან 50-60 და საშუალო არის 20 ცენტი. ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ გვჭირდება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გავიმეორო, აღვნიშნო, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, დავამტკიცეთ ახალი სქემა და მით უმეტეს, ახლა განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც ჩვენ წარმატებული ნაბიჯი გადავდგით, მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ მე ვიმყოფებოდი ბუქარესტში, სადაც ჩვენ ისტორიულ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივა, ჩვენ მიერ მიტანილი ინიციატივა ევროკავშირში, ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან. ჩვენ რუმინეთთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც შეუერთდა აზერბაიჯანი, უნგრეთი და სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს ევროკავშირის მხრიდან. მოგეხსენებათ რომ ქალბატონი ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად ბუქარესტში და საზეიმოდ ჩვენ აღვნიშნეთ ამ პროექტის დაწყება და სულ მალე, რამდენიმე თვეში დასრულდება ე.წ. კვლევები, “Feasibility”, და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ სამუშაოებზე გადავალთ.
ეს რას მოუტანს ქვეყანას, ეს შეიძლება ითქვას მეორე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარანტირებული რეალიზაციის საშუალება ელექტროენერგიის, ეს არის პირდაპირი დაკავშირება ჩვენი ენერგოსისტემის ევროკავშირის ბაზართან, ევროკავშირის ენერგოსისტემასთან და რა თქმა უნდა ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი.
დაახლოებით 2-3 მილიარდი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი და ამ პროექტს განვახორციელებთ ჩვენ ყველანი ერთად, ის ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ მემორანდუმს.
ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაბამისი გამომუშავება ელექტროენერგიის. ამიტომ გვჭირდება გენერაციის ობიექტების განვითარება, აშენება, როგორც ქარის, მზის ჰიდროელექტროსადგურების, ასევე თბოსადგურების, რომ ჩვენი წილი ელექტროენერგია გავყიდოთ ევროკავშირში, რაც ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და საბოლოო ჯამში ჩვენს ხალხზე აისახება ეს სიკეთე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მით უმეტეს იმ ფონზე როცა ეკონომიკის ზრდა წინ უსწრებს გენერაციის გამომუშავებას, ამიტომ აუცილებელი არის, რომ ეს პროპორციები პირიქით შევატრიალოთ. ეს გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას, ეს ზოგადად ასე არის მიჩნეული.
ასევე მინდა ვთქვა ძალიან მოკლედ, რომ ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა, მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მე დავაანონსე, რომ ანაკლიის პორტი ჩვენი გადაწყვეტილებით, მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდება, სახელმწიფო უნდა იყოს მესაკუთრე აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიის პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება. ფოთის პორტი არის გასხვისებული, ბათუმის პორტი არის გასხვისებული, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს, რომ გარკვეული რეგულაციები მოვახდინოთ ტარიფებთან მიმართებაში თუ სხვა. ამიტომ მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მთელი ქვეყნები, განსაკუთრებით, ცენტრალური აზიის ქვეყნები თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული ჩვენი კორიდორის მიმართ.
ამიტომ აუცილებელი არის, რომ იყოს გამართული პორტები, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ ძალისხმევას მივმართავთ და განსაკუთრებულ ინვესტიციებს ჩავდებთ. დანარჩენ 49%-ზე ჩვენ გვინდა, რომ გამოვაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი, ბევრი კომპანია გამოხატავს ინტერესს და უახლოეს რამდენიმე თვეში გაირკვევა შესაბამისი შედეგიც.
რაც შეეხება რკინიგზას, რკინიგზის მიმართულებით, როგორც გითხარით, გვაქვს რეკორდული შემოსავლები და გადაზიდული ტვირთის რაოდენობა, მოცულობაც არის რეკორდული. ჩვენ გვჭირდება რკინიგზის მოდერნიზაციის სწრაფად დასრულება, აუცილებელია ის, რომ გამტარუნარიანობა იყოს შესაბამისი და შესაფერისი იმ ტვირთთა ნაკადისთვის, რომელიც მოედინება, მოემართება ჩვენი კორიდორის მიმართ.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 2024 წელს დასრულდება. ჩვენ ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და 100 მილიონი დოლარი დამატებით გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 86% არის დასრულებული და 2024 წელს აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება.
ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ის,რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ არამხოლოდ ენერგოჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად, ასევე დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს შეუძლია, აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორი და ციფრული ჰაბი.
ასევე გეტყვით, რომ წელს დასრულდა ჩვენი მრჩევლების მიერ, როტშილდების მიერ შემუშავებული სტრატეგია, რომლის მიზანიც არის საქართველო გარდაიქმას რეგიონალურ, ფინანსურ ჰაბად. ჩვენ მომავალ წელს უკვე დავიწყებთ ამ სტრატეგიის, გეგმის განხორციელებას, იმპლემენტაციას და შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ.
ქუთაისის პარლამენტთან დაკავშირებით გვაქვს იდეა, რომ ეს შენობა, მისი უნიკალური მდებარეობა არ იყოს უფუნქციოდ დარჩენილი, ვამუშავებთ იდეას და კონცეფციას, რომ მანდ განვითარდეს IT მიმართულება, შეიქმნას IT ე.წ. ტექნოლოგიური ჰაბი ამ შენობაში, მოვიზიდოთ ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა, რომელიც დასაქმდება და კიდევ უფრო მოახდენენ საკუთარი უნარების რეალიზებას.
ასევე ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის. ამ მიზნით მე ვიმყოფებოდი ემირატებში, კატარში, საუდის არაბეთში. საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და უნიკალური შესაძლებლობები და პოტენციალი, რომ ძალიან საინტერესო ინვესტიციები მოვიზიდოთ.
რაც შეეხება ბიზნესის ხელშეწყობას, მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ხელწერა არის მაქსიმალურად პრობიზნესური და ჩვენ ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ ბიზნესის განსავითარებლად. ბოლო ორ წელიწადში 125 ათასი კომპანია დარეგისტრირდა ქვეყანაში, 125 ათასი კომპანია შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში. ეს ნიშნავს, თუ როგორი გააქტიურებულია ზოგადად კერძო სექტორი და ბიზნესი. შემთხვევითი არ არის, რომ ეს 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც მე აღვნიშნე, სწორედ ბიზნესის დამსახურებაა და რა თქმა უნდა ამაში ჩვენი წვლილი არის მნიშვნელოვანი.
პროგრამებზე ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ვმუშაობთ წარმატებულად, როგორიც არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში”. გაუმჯობესებული თანადაფინანსების პროგრამაში ჩართვის საშუალება აქვს 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით მოქმედ საწარმოებს. დამატებით შერჩეულია ექსპორტის დიდი პოტენციალის მქონე 60 ეკონომიკური საქმიანობა. წელს 330-მა კომპანიამ დაიწყო ან გააფართოვა საქმიანობა და ამ პროგრამის დაწყებიდან, 2014 წელს დავიწყეთ ეს პროგრამა, დაფინანსებულია 1500-ზე მეტი პროექტი და ჯამურად 2,5 მილიარდი ლარი არის ინვესტირებული. შეიქმნა 35 ათასი ახალი სამუშაო ადგილი ამ პროგრამების დაფინანსებით.
რაც შეეხება მიკროგრანტების პროგრამას, დაფინანსდა 1400-ზე მეტი აპლიკანტი და ჯამში დაფინანსებული არის 8 200-ზე მეტი პროექტი, შეიქმნა 21 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.
იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამაზე მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო. კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ეს პროგრამა ჩვენ დავიწყეთ შარშან. ამით ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ახლადშექმნილ ოჯახებს, ასევე, მათთაც, ვისაც ახალშობილი შეეძინება. ჩვენ 4 000-ზე მეტი ოჯახის მხარდაჭერა მოვახერხეთ. წელს, სულ, პროგრამის ფარგლებში, 11 000-ზე მეტმა ოჯახმა შეიძინა საცხოვრებელი სახლი, ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება და კიდევ ერთხელ მინდა, რომ მოვუწოდო ყველას, რომ ისარგებლონ ამ პროგრამით.
რაც შეეხება ტურიზმს და ზოგადად კურორტების განვითარებას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ტურიზმის განვითარება. ტურიზმი სწრაფად აღდგა. ოთხ მილიონ მგზავრს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები. ეს არის დაახლოებით 81%-ით მატება, თუ ამას შევადარებთ წინა წელს. 2019 წელს თუ შევადარებთ, 83%-იანი აღდგენა არის. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს 80%-იანი აღდგენა. საავიაციო ბაზარზე ოპერირებდა 37 ავიაკომპანია, რაც 9 ავიაკომპანიით მეტია 2019 წელთან შედარებით.
ჩვენ 2023 წელს ვიწყებთ მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაციას. ეს იქნება სრული განახლება. რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ტურისტებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილები. სწორედ ამ მიმართულებით შეირჩა 10 ახალი საკურორტო ქალაქი, რომლის პრეზენტაცია იქნება რამდენიმე კვირაში. ჩვენ ამას დეტალურად წარმოგიდგენთ. ჩვენ ასევე შევისწავლეთ 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი, საკურორტო ადგილის მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი, რომელიც გვინდა, რომ შევთავაზოთ ჩვენ ადგილობრივ ბიზნესს, ინვესტორებს. 300-მდე კურორტის შესწავლა დამთავრდება 2023 წელს. მოკლე ვადებში, კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე ბიზნესისთვის საინტერესო და მიმზიდველი საინვესტიციო პროექტები იქნება წარმოდგენილი.
ასევე ერთ-ერთ უნიკალურ პროექტს ვამუშავებთ, კონცეფციას ვამუშავებთ, რომელიც გულისხმობს პილიგრიმების ბილიკის განვითარებას – „წმინდა ნინოს გზა”, რომელიც 540 კილომეტრს შეადგენს და რომელიც მოიცავს ფოკა-ბოდბის მარშრუტს. მსგავსი ქრისტიანული პილიგრიმების მარშრუტები მსოფლიოში ძალიან ცნობილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს და გვინდა, რომ აღნიშნული პროექტიც განვახორციელოთ. ასევე ვამუშავებთ რამდენიმე კონკრეტული ლოკაციების განვითარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა მდიდარია ტბებით, წყალსაცავებით, შეირჩა კონკრეტული ლოკაციები, ეს არის თრიალას ტბები, ნადარბაზევის ტბა, იდუმალი ტბა, ლაკბეს წყალსაცავი, ფარავნის ტბა და ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებები გვექნება ბიზნესისთვის.
რამდენიმე თვეში საქართველო წარსდგება ღირსეულად ბერლინში, ტურისტულ გამოფენაზე, ეს არის ITB Berlin. რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. აუდიტორია იქნება ძალიან ფართო, მასშტაბური, 200 000-იანი აუდიტორია იქნება. მათ შორის, 100 000 ბიზნესვიზიტორს უმასპინძლებს აღნიშნული გამოფენა და მრავალმილიონიან სატელევიზიო მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, რომ გაიგოს ჩვენი ქვეყნის პოტენციალის შესახებ.
მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთელი ქვეყნის სივრცით დაგეგმვაზე, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. ჩვენ წელს დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და გვინდა,რომ მალე დავასრულოთ მუშაობა პროექტზე „საქართველო 2030″ სივრცითი მოწყობის სტრატეგიაზე, ეს არის მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც,რომ არსად, არც ერთ მუნიციპალიტეტში, არც ერთ საკურორტო ადგილას აღარ მოხდეს ქაოტური განაშენიანება და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანას ჰქონდეს დასრულებული სივრცითი კონცეფცია და წარმოდგენა იმისა თუ სად, როგორ უნდა განვითარდეს.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ უზარმაზარ, კოლოსალურ თანხებს მივმართავთ, ინვესტიციები არის,უზარმაზარი, მილიარდობით. წელს მაგალითისთვის 5 500-ზე მეტი პროექტი იქნა განხორციელებული ჯამურად. დასაქმებული იყო 25 ათასი ადამიანი და 1 200-მდე კომპანია იყო ჩართული ამ პროექტების განხორციელებაში.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საერთაშორისო მაგისტრალის ნახევარზე მეტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი უკვე აშენებულია. 2022 წელს სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 118 კილომეტრზე, საიდანაც, მათ შორის რიკოთის მონაკვეთზე, წლის ბოლომდე საფარი მოეწყობა 40 კილომეტრზე, 15 კილომეტრი უკვე გახსნილია მოგეხსენებათ.
ჩვენ ამ ისტორიულ პროექტს, საუკუნის პროექტი შეიძლება ვუწოდოთ, დავასრულებთ და გავხსნით 2024 წელს, მთელი ეს მაგისტრალი დასრულდება და სულ რაღაც სამ საათნახევარში – ოთხ საათში მაქსიმუმ ჩახვალთ თბილისიდან ბათუმში.
ასევე გეტყვით, რომ აქტიურად მიმდინარეობს კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაც, მოგეხსენებათ ჩვენ წელს დავიწყეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება და 2024 წელს დასრულდება კახეთის ავტობანიც.
ჯამურად, მეგობრებო, ძვირფასო საზოგადოებავ, 2000 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა წელს და 2012 წლიდან დღემდე 13 500 კილომეტრზე მეტი გზა იქნა რეაბილიტირებული, შეკეთებული და დაგებული. ასევე, სულ ჯამურად, ქვეყანაში აშენებული არის 234 კილომეტრი მაგისტრალური გზა, აქედან 2012 წლიდან დღემდე აშენდა 166 კილომეტრი მაგისტრალური გზა.
რაც შეეხება წყალმომარაგებას, გეტყვით, რომ ჩვენი დაპირება იყო და არის, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ახლა მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების წყალმომარაგების პროექტები, 200-ზე მეტ მდებარეობაში,წელს მიმდინარეობდა ეს პროექტება. წელს, მაგალითად, დასრულდა 38 ადგილას წყალმომარაგების პროექტები. შედეგად, 140 ათასზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2025 წელს დავასრულებთ ყველა ქალაქის წყალმომარაგების პროექტს და 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება ჩვენს მოსახლეობას.
რაც შეეხება ბიუჯეტს, მთელი ინფრასტრუქტურის და სამინისტროსი, წელს იყო რეკორდული ბიუჯეტი, 3 მილიარდ ლარზე მეტი. მახსოვს, შარშან, როდესაც პრემიერად დავინიშნე, საუბარი გვქონდა გუნდში, რომ მოსალოდნელი იყო არათუ ბიუჯეტის გაზრდა, არამედ შემცირება, განახევრებაც, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ისე, რომ წელს 3 მილიარდ ლარზე მეტი იყო ბიუჯეტი და გაისადაც 3 მილიარდ 300 მილიონი იქნება ბიუჯეტი.
რაც შეეხება რეგიონებს, მინდა მოკლედ ვთქვა, რომ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა არის, რომ რეგიონებში თანაბრად უნდა გადანაწილდეს სიკეთეები, ის დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში.
ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში „განახლებული რეგიონების” პროგრამა, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ყველა მუნიციპალიტეტის ცენტრების განახლება შევძელით, განახლდა 564 შენობა, მოწესრიგდა საინჟინრო ქსელები, განახლდა და აშენდა 92 პარკი და სკვერი, პროგრამა გრძელდება. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში ინვესტირებული არის 400 მილიონ ლარზე მეტი.
ასევე ჩვენ შევისწავლეთ საბავშვო ბაღების მდგომარეობა, ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის ქვეყანაში, ჩვენი შვილები, ბავშვები მთელს ქვეყანაში, ვთქვათ პირდაპირ, რომ საკმაოდ რთულ პირობებში იზრდებიან, ამიტომ აუცილებელი იყო ამ პროგრამის დაწყება. ჩვენ 885 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ვიწყებთ მომავალი წლიდან, რამდენიმე ფაზად დაიყოფა აღნიშნული პროგრამა.
ეს არის ჯამში მილიარდ სამასი მილიონი ლარის პროექტი და ყველა ბაღი აშენდება და მოეწყობა, გარემონტდება ევროპული სტანდარტის მიხედვით. ასევე მინდა ვთქვა, ჩვენ, სკოლების მიმართულებიდან მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო და შეგახსენოთ, რომ ჩვენ დაახლოებით 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია-განახლებას ვიწყებთ. 2023 წელს 400 სკოლის პროექტს დავიწყებთ, აქედან 80 აშენდება, დანარჩენი სრულად განახლდება და მოეწყობა ევროპული სტანდარტის მიხედვით. ესეც არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროგრამა.
სოფლის მეურნეობაზე მინდა მოგახსენოთ, ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სფეროა, სოფლის მეურნეობა, მოგეხსენებათ. ჩვენი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მილიარდობით ლარი არის ინვესტირებული ამ სექტორში, სოფლის მეურნეობის დარგის განსავითარებლად. მე გეტყვით, რომ ის პროგრამები, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ 2012 წლიდან აღმოჩნდა ძალიან ეფექტური, კონკრეტული შედეგი გამოიღო ამ პროგრამებმა. რამდენიმე მონაცემი მინდა გითხრათ.
ჯერ დავიწყებ რთველით. ჩვენი დაპირება იყო, რომ მევენახეობა იქნებოდა, გახდებოდა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და ვინაიდან ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, ამიტომ ამ დარგს სჭირდებოდა განსაკუთრებული ყურადღება.
შედარებისთვის, წინა მთავრობა არავითარ დახმარებას არ გამოუყოფდა ჩვენს მევენახეებს, ჩვენს ფერმერებს, ჩვენს გლეხებს, პირიქით, მათ ახალისებდა, რომ გაეჩეხათ ვაზები, პირდაპირი მნიშვნელობით და ჩვენ ეს ჩვენი თვალით ვნახეთ. თუ იმ დროს ვაზების გაჩეხვა ხდებოდა, ჩვენს დროს, ჩვენს 10 წელიწადში 16 000 ჰექტარი ვაზი გაშენდა, ჯამში 41 ათას ჰექტარამდე გაიზარდა ვენახების ფართობი. ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელიც მოყვა ჩვენს მიერ დაწყებულ პროგრამას და პოლიტიკას. 380 მილიონამდე ლარი არის გაცემული სუბსიდიის სახით მევენახეებზე და ღვინის მწარმოებლებზე ბოლო 10 წელიწადში და 2 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს კახეთის რეგიონში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციიდან 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით. ეს არის კონკრეტული შედეგი.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წელს უკვე გვაქვს რეკორდული მონაცემები ღვინის რეალიზაციის – 91 მილიონი ლიტრი შეადგინა ღვინის წარმოებამ და რეალიზაციამ, ექსპორტმა. ჯამურად მევენახე მეურნეობის განვითარების პროგრამაზე სახელმწიფოს მხრიდან დახარჯულია 600 მილიონ ლარზე მეტი. ასევე, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით, მოგეხსენებათ კარგად, მრავალწლოვანი კულტურების გაშენებას. 20 000-ზე მეტი ჰექტარი ბაღები გაშენდა ბოლო 10 წელიწადში. ასევე, ჩვენ დავიწყეთ ვაშლის დარგის დახმარება. ვაშლის მწარმოებლებს აქვთ კონკრეტული დახმარება ჩვენი მთავრობისგან. თხილის მიმართულებით, თხილის მასშტაბური წარმოების და ექსპორტის პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყნას, ამიტომ ჩვენ, რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ, რომ თხილის მწარმოებლებს კონკრეტულ პროგრამას შევთავაზებთ და ეს პროგრამა უკვე დაწყებულია და ჩვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება სამეგრელოს და გურიის მოსახლეობას.
ჯამურად, მინდა გითხრათ, რომ 2013 წლიდან გაცემულია 4,9 მილიარდი ლარის ღირებულების და 72 600-ზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შედგინა 665 მილიონი ლარი. 41 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ დახმარებით, ამ პროგრამებით.
მინდა ასევე გითხრათ, რომ როდესაც ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე,რა თქმა უნდა, აუცილებელი არის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენ ამ 10 წლის განმავლობაში 407 სარეაბილიტაციო პროექტი განვახორციელეთ. ჩაუტარდა რეაბილიტაცია 2 045 კილომეტრ საირიგაციო და 1 295 სადრენაჟე არხებს, შეკეთდა 53 სათავე ნაგებობა და 47 სატუმბი სადგური, რაც მნიშვნელოვანი დახმარება არის ჩვენი ფერმერებისთვის.
რაც შეეხება გარემოს დაცვას, მოგეხსენებათ, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, ამ მიმართულებით არაერთი რამ გაკეთდა და ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმები, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალშიც. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის აღდგენა. წლევანდელი 11 თვის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობამ 880 000-ს გადააჭარბა. ამიტომ, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა მივმართოთ ეკოტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის თაობაზე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ წელს წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, კერძოდ იორდანიაში მოგეხსენებათ, რომ გადმოეცა საქართველოს, წმინდა მიწაზე, 4000 კვადრატული მეტრი მიწა, ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე, მას შემდეგ როგორც კი ავიღებთ სამშენებლო ნებართვას, ქართული კულტურის და სულიერების ცენტრის მშენებლობას. ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ ამას ძალიან მალე განვახორციელებთ.
რაც შეეხება თავდაცვას და უსაფრთხოებას, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ყველა ბაზის განახლება არის დასრულებული, პროექტები გრძელდება. ჩვენ დავიწყეთ ახალი ბაზის მშენებლობა მუხროვანში 70 მილიონი ლარის ღირებულების. ასეულობით მილიონი ლარი ბოლო 3 წელიწადში იქნა მიმართული ამ მიმართულებით. ყველა ბაზა მოეწყო თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენს ჯარისკაცებს ღირსეულ პირობებში უწევთ მსახურება, ჩვენი ქვეყნის დაცვა. დაახლოებით რამდენიმე თვეში ჩვენ დავიწყებთ უკვე ახალი კოდექსის მიხედვით სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის განხორციელებას. ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი მთავარი დაპირება. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო „გირჩის” მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც ათასობით ჩვენს ახალგაზრდას აძლევდა საშუალებას, რომ თავი აერიდებინათ სავალდებულო სამსახურისთვის. ეს იყო მოუგვარებელი პრობლემა. მათ ნახეს კანონმდებლობაში გარკვეული, ასე ვთქვათ, სიცარიელე და 10 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ თავი აარიდა სავალდებულო სამსახურს, რაც,რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემა, ამიტომ ჩვენ ეს პრობლემა გადავწყვიტეთ. ახალი კოდექსის მიღებისთანავე ამოქმედდება და ამ პრობლემას გადაჭრის. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ეფექტიანი სისტემა. სამხედრო სამსახურის პროგრამა იქნება 6-თვიანი, 8-თვიანი, 11- თვიანი იმის მიხედვით, ვინ როგორ კარიერას აირჩევს. ეს,რა თქმა უნდა, იქნება ინტენსიური საბრძოლო, სამხედრო, ასევე თეორიული მომზადება.
გრძელდება ჩვენი ჯარის გაძლიერება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვახორციელებთ თანამედროვე შეიარაღების სისტემების შეძენას, განახლება მიმდინარეობს როგორც ანტისატანკო, ასევე საჰაერო თავდაცვის. ჩვენ რამდენიმე თვეში გავხსნით უკვე და გადავცემთ ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ბინებს. ეს არის „ჯარის ქალაქის” პროექტი, რომელიც სულ რაღაც 2 წელიწადში განვახორციელეთ.
ასევე გეტყვით, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სამხედრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით, საფრენი აპარატების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ ცნობილ ებრაულ კომპანიასთან „რაფაელთან”, წარმოებული სისტემების განახლება – მოდერნიზაცია მიმდინარეობს, ახალი სისტემების შეძენა. ასევე ჩვენ დავიწყეთ M-4 ტიპის ქართული წარმოების ავტომატური შაშხანების წარმოება, ახლა აქტიურად მიმდინარეობს შემოწმება აღნიშნული შაშხანების. ჩვენ ვიწყებთ პოლონურ კომპანიასთან ერთად დრონების წარმოებას. რამდენიმე თვეში ჩვენ დავიწყებთ დრონების წარმოებას და ქვეყანას შეეძლება რამდენიმე ათასი დრონის წარმოება.
პოლიციის მიმართულებით მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ. მინდა ჩვენს ჯარს და პოლიციას მადლობა გადავუხადო, კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა დავუდასტურო ჩვენს მინისტრებს და მათ უწყებებს. ჩვენ პოლიციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება დავიწყეთ. განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, ავტომობილები – ასეულობით ავტომობილი შევუძინეთ ჩვენს პოლიციელებს, სრულად განახლდება ავტოპარკი. ასევე, შეიარაღების მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები და განახლება მიმდინარეობს. ასევე, ჩვენ ვიწყებთ, რამდენიმე კვირაში ალბათ დავიწყებთ „პოლიციის ქალაქის” მშენებლობას. ეს იქნება 1 100-ზე მეტი პოლიციელისთვის განკუთვნილი “პოლიციის ქალაქი” და 1 100-ზე მეტ პოლიციელს გადაეცემა აღნიშნული ბინები.
ასევე, მინდა ვთქვა და მადლობა გადავუხადო პოლიციას, ვინაიდან დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წლის 11 თვის მონაცემებით არის უპრეცედენტოდ მაღალი, 60% არის გახსნის მაჩვენებელი და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს პოლიციას. ასევე, იცით, რომ ჩვენ ახლა დავასრულეთ სამი ახალი ვერტმფრენის შეძენა, ფრანგული ვერტმფრენების შეძენა, სახანძრო-სამაშველო მანქანების და ვერტმფრენების შეძენაც მიმდინარეობს. სულ ჯამში წელს დამონტაჟდა 816 ვიდეოკამერა. დამონტაჟებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 230 ვიდეოკამერა. იცით, რომ ჯარის და პოლიციელთა ხელფასები 20%-ით გაიზრდება. სხვა ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა ჩვენ დავიწყეთ შარშან 10%-ით. 2023 წელს, ასევე, 10%-ით მოემატება ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში.
რაც შეეხება იუსტიციას, აქაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. მოკლედ გეტყვით, რომ ყველას კარგად გვახსოვს რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ დაწესებულებებში. თუ რა არაადამიანურად, სადისტურად ექცეოდნენ ჩვენს პატიმრებს. მიმდინარეობდა წამება, მკვლელობა, ტანჯვა ჩვენი მოქალაქეების, რაც, რა თქმა უნდა, იყო სისტემური დანაშაული და ჩვენ ამ ყველაფერზე, ქართველმა ხალხმა, ვთქვით უარი. ამის შემდეგ, მოგეხსენებათ, 2012 წლიდან, ძალიან, შეიძლება ითქვას, რადიკალური ცვლილება განხორციელდა პენიტენციურ სისტემაში, არაერთი მინისტრის მმართველობის დროს. ახლა ბატონ რატისაც აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები. კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება ხდება პატიმრების ცხოვრების; იქნება, ასევე, ფორმალური თუ არაფორმალური განათლების კურსების შეთავაზება, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩართვა და მაქსიმალურად ზრუნავს ჩვენი სახელმწიფო პატიმრებზე. ეს არის ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერა.
მოგეხსენებათ, რომ შედარებისთვის, თუ წინა მთავრობის დროს ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ ათასობით განაცხადს – ეს იყო დაახლოებით 3 000 – 4 000 განაცხადი, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ სულ რაღაც 138 საჩივარი. ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა სულ რაღაც 10 წელიწადში. ამიტომ ეს წამება და ტანჯვა ქვეყანაში აღარასოდეს დაბრუნდება.
ასევე, იცით, რომ ჩვენი მთავრობის აქტიური მუშაობით საქართველომ მოიგო 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყველა საქმე სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის დამსახურებაა და ჩვენი საჯარო მოხელეების დამსახურებაა და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა მათ.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი ციხეებში – 146 იყო დაახლოებით, საშუალოდ 2011-2012 წლებში, 20-მდე არის შემცირებული, ამხელა ცვლილება არის.
და ძალიან ბევრი, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი კეთდება, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ახლა, ახალი კოდექსის საბოლოო ვარიანტი გაეგზავნა პარლამენტს და ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ახალი კოდექსის მიღებაზე. ჩვენ, ასევე, მინდა ვთქვა, რომ პრობაციის ბიუროში სერიოზული ცვლილებები გვაქვს, ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობების პრეზენტაცია მოხდა რამდენიმე თვის წინ. ე.წ. პრობბოქსი აღჭურვილი არის თითის ანაბეჭდის და სახის ამოცნობის ტექნოლოგიებით.
მობილური სახლის, იუსტიციის სახლის ინოვაციური პროექტი, რომელიც ასევე გაუმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს სერვისებზე ხელმისაწვდომობას. 470-მდე სერვისით სარგებლობა შეეძლება ჩვენს მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ასევე, გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა, 117 სახლი არის აშენებული უკვე. ასევე, 3 წლის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს უკვე დადგენილი გრაფიკის მიხედვით სამუშაოები და 3 წელში დასრულდება აღნიშნული პროექტი.
რაც შეეხება შერიგება-თანასწორობის მიმართულებით მთავრობის პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორცილება. ჩვენი მიზანია საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების შერიგება.
თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრს აკეთებს ქალბატონი თეა ახვლედიანის უწყება, პარლამენტთან ერთად, ჩვენ ძალიან ბევრს ვეხმარებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ძმებს და დებს, ამის თაობაზე ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ეს არის შეგნებული პოლიტიკა, გააზრებული პოლიტიკა, ამიტომ არ გვსურს ამის აფიშირება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისებით. მაგალითად 230 სტუდენტი ჩაირიცხა გასულ წელს, 1300 -ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის სერვისებით და რა თქმა უნდა, ეს დახმარებები გაგრძელდება მომავალშიც.
საერთოდ ერთი მინდა ვთქვა, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა, რომლის გარშემოც ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.საუბედუროდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა.
მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი სულ რაღაც რამდენიმე ასეულ, თუ არ ვცდები 200 მილიონ დოლარს შეადგენს, აქედან სრულად არის დოტაციაზე მათი ეს ბიუჯეტი და მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და დებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთს, რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი მეორე მონტე-კარლო, შეიძლება ასე ითქვას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები, რომ იტყვიან, მოვიშუშოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება, ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის დასრულება და შერიგება იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში, ევროპულ საქართველოში.
რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენს მიერ გატარებულ პოლიტიკას, აქაც ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა. მე აქედან გამოვყოფდი მედიკამენტების რეფორმას, მედიკამენტების ფასებზე ჩვენ გვქონდა საკმაოდ დიდი დისკუსია და შევძელით ის, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოვახერხეთ მედიკამენტების ფასის საგრძნობი შემცირება, 60%-80%-ით შემცირება. ახლა ჩვენ, ჯანდაცვის მინისტრმა ახალი ინიციატივა შეიტანა პარლამენტში და მადლობა პარლამენტს, რომ მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივას. რეფერენტული ფასები დაწესდება მედიკამენტებზე, ეს დამატებით 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს, რაც,რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნით, ფასები, როგორც მოგახსენეთ, შემცირებულია 60-80%-ით, ჩვენი მოქალაქეები 200 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავენ, რაც,რა თქმა უნდა, ძალიან ხელშესახები შედეგია.
ასევე, ჩვენ დღეისთვის მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონულად ხდება, მხოლოდ გენერიკული დასახელებით არის ნებადართული და როგორც მოგახსენეთ, 1100-ზე მეტი დასახელების ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე უკვე დაწესდება რეფერენტული ფასები მომავალი წლიდან და შემდეგ ყველა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტებს მოიცავს აღნიშნული რეფორმა.
ასევე, ჩვენთვის მთავარია, რომ მედიკამენტების ხარისხის მუდმივი კონტროლი ხორციელდებოდეს. 2022 წლის ბოლომდე კარგი საწარმოო პრაქტიკის, ანუ GMP-ის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის, იგივე GDP-ის სტანდარტზე გადასვლა დასრულდება. ასევე, უახლოეს მომავალში ქვეყანას ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ ხარისხიანი ჯანდაცვა და ხარისხიანი მედიკამენტები. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. მომავალ წელს ასევე 150 ამბულატორიის რეაბილიტაცია- მშენებლობა არის დაგეგმილი. ასევე, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენ სერიოზულ რეფორმებს ვგეგმავთ. მინისტრმა ამის თაობაზე კონკრეტული ხედვა წარუდგინა საზოგადოებას.
რაც შეეხება შრომას, დასაქმებას და სოციალურ დაცვას, იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ და პირველი მარტიდან გავამკაცრეთ ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეგულაციები. 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის და დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირებისთვის, მათ შორის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის აიკრძალა ონლაინ აზარტული თამაშები. აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია თითქმის მილიონ ხუთასი ათასი პირი.
ძალზე მნიშვნელოვანია ასევე აზარტული თამაშების რეკლამის სრული აკრძალვა, რომელიც პარლამენტის დახმარებით ასევე შევძელით ჩვენ წელს.
რაც შეეხება დასაქმების მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ამის თაობაზე მოგახსენეთ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ წარმატებით დავიწყეთ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის განხორციელება და კიდევ უნდა გავაფართოოთ აღნიშნული პროგრამა. 200 000 სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი ადამიანი უნდა დავასაქმოთ, მომდევნო 2-3 წელიწადში, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორშიც.
რაც შეეხება პენსიების ინდექსაციას. ჩვენ შარშან უკვე დავიწყეთ ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. ამან განაპირობა პენსიონერთათვის პენსიის ოდენობის ყოველწლიური გარანტირებული ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით მომავალ წელს პენსია საგრძნობლად გაიზრდება და გახდება 365 ლარი, ასევე მაღალმთიან რეგიონებში 440 ლარამდე დაახლოებით. ასევე, ჩვენ მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად გავზარდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვთა ყოველთვიური დახმარება. შედარებისთვის, 2012 წელს ეს დახმარება იყო ნული, არავითარი დახმარება არ მიეცემოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ჩვენ ეს დახმარება დავიწყეთ ჯერ 50 ლარით რამდენიმე წლის წინ, თუ არ ვცდები, ორი წლის წინ, შემდეგ გახდა შარშან, 100 ლარი, წელს 150 ლარი და შემდეგ წელს იქნება 200 ლარი. თითოეულ ბავშვზე ჩვენ გავცემთ 200 ლარს და ეს პროექტი ბიუჯეტს 465 მილიონი ლარი დაუჯდება. ჯამში, 232 000 ბავშვი მიიღებს ამ ყოველთვიურ, 200-ლარიან დახმარებას და თითქმის ნახევარ მილიარდამდე არის ამ პროგრამის ბიუჯეტი.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, დემოგრაფიული საკითხები არის პრობლემატური და საჭიროებს უფრო კომპლექსურ მიდგომას. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2023 წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცეთ ერთჯერადი დახმარება, 1000 ლარის ოდენობით. აქვე, საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა, ყველაზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახი არის სოციალურად დაუცველი ოჯახი. ყოველი მესამე, მეოთხე და შემდგომი ბავშვი სოციალურად დაუცველ ოჯახებში იბადებიან, ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ კიდევ უფრო მეტი დახმარება მივმართოთ ამ მიმართულებით.
ასევე ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დეკრეტული შვებულების თანხა 1000 ლარის ნაცვლად გახდა 2000 ლარი. მე ამაზე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ჩართულობა. ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის ეროვნული საკითხი. ამიტომ დემოგრაფიულ საკითხებს სჭირდება კომპლექსური მიდგომა და საზოგადოების გაერთიანება.
რაც შეეხება ზოგადად დევნილების მიმართულებით ჩვენს მიერ გატარებულ პოლიტიკას, იცით, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს. ჩვენ 13 000 ოჯახს ავუშენებთ ბინებს, ეს არის 900 მილიონი ლარის პროექტი, მომდევნო ორ-სამ წელიწადში დასრულდება აღნიშნული პროექტი და 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები. სულ, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 29 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები.
განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე გითხარით, რომ ვიწყებთ მასშტაბურ რეფორმას, სკოლების რეაბილიტაციას, ეს არის მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს აღნიშნული პროგრამა, ტენდერი ამჟამად მიმდინარეობს, 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციას უკავშირდება აღნიშნული ტენდერი და ჯამში, როგორც მოგახსენეთ, 800 სკოლა იქნება სრულად რეაბილიტირებული ევროპული სტანდარტების მიხედვით.
რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ეს მიმართულებაც არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. განათლების მინისტრი ამ მიმართულებით ბევრს მუშაობს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ხარისხიანი პროფესიული განათლების მიწოდება, შეთავაზება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ისევე, როგორც უმაღლესი განათლების მიმართულებით, ბატონ მინისტრს აქვს კონკრეტული გეგმები და ამოცანები დასახული და რეფორმებზე მუშაობს.
ჩვენი ამოცანა არის, რომ ასევე ხარისხიანი, როგორც სკოლამდელი, ასევე სკოლის და უმაღლესი განათლება მიეწოდოს ჩვენს მომავალ თაობას. ჯამში, განათლების ბიუჯეტი არის გაზრდილი 340 მილიონით, 2023 წელს იქნება 2 მილიარდზე მეტი, 2 მილიარდ 345 მილიონი იქნება დაახლოებით და გეტყვით, რომ ასევე ბატონი მინისტრის ინიციატივით დაწყებულია მნიშვნელოვანი პროგრამა, ეს არის 400 სკოლის აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და კომპიუტერული ლაბორატორიებით. ყველა სკოლაში უნდა გავაკეთოთ აღნიშნული ლაბორატორია.
აქვე, მინდა აღვნიშნო, შეიძლება დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანია და ამასში ჩანს ზოგადად დამოკიდებულება: მოგეხსენებათ, რომ 2012 წლამდე სკოლებში საქართველოს ისტორია აღარ ისწავლებოდა. სამწუხაროდ, თითქმის წაშლილი იყო საქართველოს ისტორია და ჩვენს მომავალ თაობას აღარ ასწავლიდნენ საქართველოს ისტორიას. ამიტომ, ბატონი ჩხენკელის ინიციატივით, აღნიშნული საკითხი დარეგულირდა და უკვე სკოლებში ისწავლება საქართველოს ისტორია.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ფოთის, დმანისის თეატრების, ახალციხის თეატრის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპორტის მიმართულებით ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები, ყველა სტადიონის რეაბილიტაცია, შეკეთება, განახლება. ასევე ვგეგმავთ ჩვენ გაისად ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს, 21 წლამდე ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სანახაობა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ამ მიზნით გამოყოფილი არის თითქმის 100 მილიონ ლარამდე, მიმდინარეობს სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რეგიონებში დარჩება უეფას სტანდარტებით გაუმჯობესებული სტადიონები.
და ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე მნიშნელოვან მიღწევას, რომლებიც ჩენი სახელმწიფოს პროგრესზე თვალსაჩინოდ მეტყველებს. ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, 10 წლის წინ, საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნებოდა. 2015 წლიდან გადავინაცვლეთ მნიშნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში, ხოლო 2017 წლიდან ვართ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის და იცით, რომ ჩვენ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა არის ჩვენი მთავრობის და ზოგადად ეს მიუთითებს კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის ღიაობაზე და გამჭვირვალე მუშაობაზე. ეს არის ძირითადი პრიორიტებები, რომელზეც მინდოდა თქვენთვის ანგარიშის ჩაბარება. კიდევ ერთხელ, მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის წევრებს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს გუნდს, ჩვენს მმართველ პარტიას, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ეკლესიას. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდს, საკმაოდ გონივრულად და სწორად ვმართავთ და მე მჯერა, რომ ჩვენი საერთო ჩართულობით, საზოგადოების მხარდაჭერით, ამ პერიოდს გავივლით მშვიდობიანად. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველთა საფუძველი აი ამ კეთილდღეობის, ამ განვითარების, რომელზეც ახლა მოგახსენეთ. მე მინდა ჩვენს ხალხს ვუსურვო მშვიდობა, თქვენ ყველას გითხრათ კიდევ ერთხელ მადლობა, მოგილოცოთ ახალი წელი და შობა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0