საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. სხდომის მონაწილეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობაზე იმსჯელეს. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებულ იქნა ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტი, რომელმაც ექსპერტიზა გაიარა და მოცემულ ეტაპზე ის სექტორულ უწყებებთან თანხმდება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები, მათ შორის ტერიტორიების უკანონო მიტაცებისა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების კუთხით. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და მიმდინარე ღონისძიებებზე. ამ მიმართულებით თითოეული უწყება აქტიურ მუშაობას განაგრძობს.
საბჭომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი განიხილა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პირველადი ვერსია სექტორულ უწყებებს დაეგზავნა და მათთან თანხმდება, რის შემდეგაც, ის საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტს წარედგინება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებაზე. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილეს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი. უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესი სრულდება და ის დასამტკიცებლად, საქართველოს მთავრობას ივლისის პირველ ნახევარში წარედგინება. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის დამტკიცების თემაზე. დოკუმენტის საბოლოო ვერსია უკვე შემუშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ის 1-ელ ივლისს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ კომისიაზე განიხილება, რის შემდეგაც, პროექტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გელა გიორგაძე.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
23/06/2021