საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსტანტინე ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.
„გუბერნატორების კორპუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ კოტე ანანიაშვილი. კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე იქნება კოტე პასუხისმგებელი. თქვენი ძირითადი საყრდენი ყოველდღიური მართვის პირობებში იქნება კოტე. ჩვენ ასევე გვექნება შეხვედრები, თავდაპირველ ეტაპზე, კვირაში ერთხელ, ზუსტად ისე, როგორც იმართება მთავრობის სხდომები, გაიმართება ეს სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გუბერნატორები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კონსტანტინე ანანიაშვილი იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013-2016 წლებში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუბერნატორების კორპუსის ძირითადი ფუნქციაა ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის და მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები ამ კოორდინაციას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
„ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყანა გლობალურ პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ბრძოლის წარმატებით დასრულებაში, ადგილობრივი ხელისუფლების, გუბერნატორების, ჩვენი მოქალაქეების როლი, ფუნქცია და მათი ეფექტიანი მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაძლევს შესაძლებლობას და ეტაპობრივად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგალითად, დადებითობის მაჩვენებლები გაიზრდება, უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ მათ შორის, ვირუსიც, ვმართოთ რეგიონულ ჭრილში და მაშინ, როდესაც კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაქვს აჭარაში, ან კახეთში და სადმე სხვაგან, რომელიმე რეგიონში ცოტა უფრო რთული სიტუაციაა, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ქვეყანა სრულად უნდა დაიკეტოს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანამ, ეკონომიკური აღდგენა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დაიწყოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მეორე და მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკური აღდგენა და არსებული შეზღუდვების შემსუბუქების ძირითადი მიზანია, ქვეყანა მზად იყოს, უახლოეს პერიოდში დაიწყოს სრულფასოვანი ვაქცინაცია. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებითაც რეგიონულ მართვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება და შესაბამისი ლოგისტიკური, თუ სხვა საკითხები ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულებმა სრულად უნდა აკონტროლონ.
„ტექნოლოგიურად სხვადასხვა სახის ვაქცინა არსებობს. სხვადასხვა სახის ვაქცინას სჭირდება სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი და კიდევ ბევრი სხვა კომპონენტი როგორც ლოგისტიკის, ასევე დროის მართვის და ა.შ. თვალსაზრისით. ეს ყველაფერი ადგილებზე სრულად უნდა კონტროლდებოდეს თქვენს მიერ. განსაკუთრებით წელს, როდესაც საქართველო, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნები, ისევე როგორც მსოფლიო, გლობალური პანდემიის და მისგან გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის ემზადება, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული საჯარო მოხელის ეფექტურად მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა ჩვენმა ქვეყანამ ამ გლობალურ კონკურენციაში დაიკავოს ღირსეული ადგილი და ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეთ. აქ თქვენს მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა,”- მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. პარმენ მარგველიძეს, რომელიც 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო, საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. იგი არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქუთაისის სერვისცენტრის უფროსი, უბნის ოფიცერთა სამმართველოს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის უფროსი, მომსახურების სამმართველოს ამბროლაურის სერვისცენტრის უფროსი, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ამბროლაურის განყოფილების უფროსი.
„პაპუნას ყველა იცნობთ, იგი ნამუშევარია გუბერნატორად და აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება”, – აღნიშნა პრემიერმა.
შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან – სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
„მამუკას აქვს ბევრი ნამუშევარი რეგიონში, მას რეგიონში იცნობენ და აქვს საჯარო მოხელის გამოცდილება, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის, რომელიც ხელს შეუწყობს, ეფექტიანად შეასრულოს შიდა ქართლის გუბერნატორის ფუნქციები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს. დავით ნოზაძე პროფესიით იურისტია, მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავით ნოზაძეს აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა.
„მცხეთა-მთიანეთი. დათო არის დიდი ხნის საჯარო მოხელე, დიდი ხნის გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, რომ დათოს ხელი მცხეთა-მთიანეთს დაეტყობა”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. აქვს კერძო სექტორში, ასევე არაერთ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გიორგი სახოკია პროფესიით სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის არაერთი საერთაშორისო პროგრამის მონაწილე.
„გიორგიც გამოცდილი საჯარო მოხელეა და დარწმუნებული ვარ, რომ გურიაში, როგორც მინიმუმ, წარმატებულად გამოცოცხლდება ცხოვრება უახლოეს პერიოდში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში გუბერნატორებად დაინიშნენ ისინი, ვინც აქამდე მათ მოვალეობას ასრულებდნენ. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთში – მალხაზ თორია; კახეთში – ირაკლი შიოშვილი.
სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობებზე რჩებიან ქვემო ქართლში – შოთა რეხვიაშვილი; სამცხე-ჯავახეთში – ბესიკ ამირანაშვილი, ხოლო იმერეთში – ზვიად შალამბერიძე.