პრემიერ-მინისტრმა თბილისში ”ღია მმართველობის პარტნიორობის” მეხუთე გლობალური სამიტი გახსნა

18/07/2018

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

“დილა მშვიდობის, ქალბატონებო და ბატონებო! მივესალმები პატივცემულ სტუმრებს! ჩემთვის დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ვისთვისაც თანამედროვე, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობა მოქალაქეთა კეთილდღეობის ფუნდამენტური წინაპირობაა.
დღეს ჩვენს გვერდით არიან 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსი, ჟურნალისტები. ძვირფასო სტუმრებო, საქართველოს მთავრობის სახელით მადლობას გიხდით ყველას, რომ მონაწილეობთ “ღია მმართველობის პარტნიორობის” მთავარ ღონისძიებაში.
“ღია მმართველობის პარტნიორობის” მთავარ მიზანს ხელისუფლების ღიაობისა და მიუკერძოებლობის განმტკიცება, საზოგადოების ნდობის ამაღლება და მმართველობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა წარმოადგენს. სწორედ მრავალფეროვნებასა და თანამონაწილეობის პრინციპზე დგას თანამედროვე მმართველობა, რომლის ცენტრში ყოველთვის არის მთავარი – მოქალაქე.
მეგობრებო, წელს საქართველო ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას – პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ღირებულებებს ჯერ კიდევ მაშინდელი საქართველოს კონსტიტუცია ეხმიანებოდა, უფრო მეტიც, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპიც კი იყო აღიარებული და გათვალისწინებული.
ჩვენი მთავრობის მიზანია, გაამყაროს ეს მონაპოვარი და უზრუნველყოს „ხალხისთვის და ხალხთან ერთად” მმართველობა.
წელს საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად, გახდა 76 ქვეყნისგან შემდგარი მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის ჩვენთვის დიდი პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა.
ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა ჩვენთვის ქმნის უნიკალურ საშუალებას, ვისაუბროთ იმ პროგრესზე და ამავე დროს გამოწვევებზე, რაც გვაქვს საქართველოში. ნება მომეცით, მოკლედ ვისაუბრო, თუ რა გზა გავიარეთ აქამდე.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ს შეუერთდა. 2014 წელს საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს, მოგვიანებით კი, 2016 წელს საქართველოს მთავრობა პარტნიორობის თავმჯდომარე გახდა.
საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატება, დიდწილად, ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება და იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მმართველობის გაუმჯობესებისთვის გავწიეთ.
დღეს საქართველოში ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ღია მმართველობის პროცესში. ამჟამად, მთავრობასთან ერთად, ღია მმართველობის გეგმას საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერია და უზენაესი სასამართლოც ახორციელებს. ღია მმართველობაში ასევე აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ღრმად გვწამს, რომ სწორედ ხელისუფლების ყველა შტოს ძალთა მობილიზება დაგვეხმარება რეალური შედეგების ეფექტიანად მიღწევაში.
ღია მმართველობის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა ის, რომ ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ შევქმენით ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი. ეს არის მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რათა მათ ერთობლივად დაგეგმონ და შეიმუშაონ ქვეყნის ღია მმართველობის დღის წესრიგი.
მინდა მოგახსენოთ, რომ საერთაშორისო კვლევების თანახმად, საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მატარებელი ქვეყანაა მსოფლიოში.
საჯარო სერვისების დროულად და ეფექტიანად მიწოდების მიზნით ჩვენს ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს საჯარო სერვისების ჰაბი – იუსტიციის სახლი, რომელიც „ერთი ფანჯრის პრინციპით” ფუნქციონირებს და 400-ზე მეტ სერვისს აწვდის ჩვენს მოქალაქეებს. ამავე მიზნით, სოფლებში მოქმედებს 53 საზოგადოებრივი ცენტრი. სერვისების უმეტესობა კი ხელმისაწვდომია ონლაინ-რეჟიმში.
2012 წლიდან მუდმივად უმჯობესდება საბიუჯეტო გამჭვირვალობა, რომელსაც საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა (International Budget Partnership – IBP) ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მეშვეობით აფასებს. როგორც ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ვამაყობ, რომ 2017 წლის შეფასებით, საქართველო ამ კუთხით მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. ამავე დროს, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიხედვით ჩვენ რეგიონში მეორე ადგილზე ვართ.
მეგობრებო, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში თქვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთ საინტერესო გამოცდილებას გაეცნობით. ჩვენ ხელშესახები წარმატებები გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ გახლავთ საკმარისი. გასულ კვირას ჩვენ პარლამენტში განვაცხადეთ, რომ გვსურს, თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ. ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამავე დროს ვგეგმავთ, დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები. ჩემი შეხედულებით, ანტიკორუფციული სისტემა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ორიენტირებული კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს, უნდა იყოს ორიენტირებული მის პრევენციაზე. ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის სახელმწიფო უწყებებზე ზედამხედველობის მიმართულებით, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის სწორედ ის მიმართულება, სადაც ჩემი მთავრობა ძალიან აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს.
პარტნიორობის მთავარი ღირებულება სწორედ გამოცდილების გაზიარებაა, რაც დიდ დახმარებას გვიწევს გრძელვადიანი შედეგების მიღწევაში.
გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, ვიმსჯელოთ ამავე დროს არსებულ გამოწვევებზე. ღია მმართველობის ლიდერთა გაერთიანებით შესაძლებელი გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და შედეგზე ორიენტირებული ვალდებულებების აღება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა – ეს არის, პირველ რიგში, მოქალაქეებისთვის ხელშესახები ცვლილებების მიღწევის შესაძლებლობა.
საქართველო, ისევე, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა ქვეყნები, კლავ დგას გამოწვევების წინაშე. ამიტომ, სამიტის ფარგლებში ჩვენ მმართველ კომიტეტს შევთავაზეთ რეზოლუციის მიღება, სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ განვითარებასა და გამჭვირვალე მმართველობას. ეს რეზოლუცია გუშინ OGP-ის მმართველმა კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა და მინდა, მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა დაამტკიცა ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებას, საჯარო ფინანსების უკეთეს მართვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
მოგეხსენებათ, ჩვენ როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩვენ ოთხი მთავარი მიზანი დავისახეთ, ესენია: მოქალაქეთა ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერება; მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; საჯარო სერვისების მიწოდებაში ინოვაციების დანერგვა და ღია მმართველობის პარტნიორობის, როგორც ინიციატივის მნიშვნელოვანი გაძლიერება და განმტკიცება. სამიტის დაგეგმვისას სწორედ ეს თემატიკა გავითვალისწინეთ. იმედს გამოვთქვამ, ეს ფორუმი იქნება საუკეთესო საშუალება ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
მსურს, თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ჩვენს ქვეყანაში თქვენ საშუალება გექნებათ, ნახოთ და შეიგრძნოთ უნიკალური კულტურა, რომელიც საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, მოუსმინოთ ჩვენს ფოლკლორს და გასინჯოთ ჩვენი ღვინო.
მინდა, კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე ნება, აქტიურად დავუჭიროთ მხარი მთავრობათა და სამოქალაქო საზოგადოებათა შორის გამოცდილების გაზიარების პროცესს და ღიაობისთვის ჯანსაღ, მაგრამ ამავე დროს საინტერესო კონკურენციას.
ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს გახსნილად ვაცხადებ.
დიდი მადლობა”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0