პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

22/12/2019

გიორგი გახარიამ თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას პირველი სანთელი აანთო. პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

„ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი რომ აიღო, მაშინ გამოჩნდნენ პირველი ებრაელები საქართველოში. ამდენი საუკუნეა ჩვენ ვცხოვრობთ ერთად, ჩვენი ცრემლი ერთია და ჩვენი სიხარულიც ერთია. ეს არის უდიდესი ძალა. ჩვენ გვაერთიანებს ის, რაც ბევრ ერს ვერც წარმოუდგენია – ამ ქვეყანაში არც ერთი ებრაული ოჯახის შევიწროების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. ეს არა მხოლოდ ქართველების დამსახურება და გამარჯვება, არამედ ჩვენი საერთო გამარჯვებაა. მე მსურს, თითოეულ ებრაელს მივულოცო ეს დღესასწაული და თითოეულ ჩვენგანს მივულოცო ის საუკუნეები, რომელიც გველის – ერთობლივი შრომის, გამარჯვებისა და მიღწევების, თითოეულ ებრაულ ოჯახში სინათლის გამარჯვებისა სიბნელეზე და სიკეთის გამარჯვების ბოროტებაზე. გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას ისრაელსაც და საქართველოსაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაეთანხმა ისრაელის ელჩის შაფთაი ცურის ინიციატივას, რომლის თანახმად იერუსალიმში ქართული კულტურული ცენტრი გაიხსნება. ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნას თბილისის დიდ სინაგოგაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისი მერი დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0