პრემიერ-მინისტრმა გარემოსდაცვითი კონცეფცია – „მწვანე ეკონომიკა“ წარადგინა

27/07/2018

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:
“მოგესალმებით, ჩვენ, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განვაცხადეთ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ორი სიმდიდრე – ჩვენი საზოგადოება, ადამიანები და ჩვენი ბუნება.
დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი მთავრობის ხედვას გარემოსდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ანუ „მწვანე ეკონომიკის” სტრატეგიას. ამ პოლიტიკის განხორციელება ქვეყნისთვის პირველი რიგის ამოცანად მიგვაჩნია და, შესაბამისად, ასახული გვაქვს იმ სამთავრობო პროგრამაში, რომელზეც მე პარლამენტში ვისაუბრე და როგორც მოგეხსენებათ, ამის საშუალება ორჯერ მქონდა.
იცით, რომ დღეს გარემოსდაცვითი პრობლემები არა მარტო ჩვენს, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ის პოლიტიკა, რაც საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში გარემოს დაცვის მიმართ ხორციელდებოდა, იყო სრულიად მიუღებელი და ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა.
მწვანე პოლიტიკის მთავარი ფოკუსი გახლავთ გარემოს დაცვა, რათა მოხდეს ქვეყნის ეკოლოგიის გაჯანსაღება და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის.
ჩვენი მთავრობის მწვანე პოლიტიკა, როგორც იდეოლოგია, ისევ და ისევ ადამიანის სიცოცხლესა და კეთილდღეობაზეა დაფუძნებული, რამდენადაც გარემოს დაცვის ხარისხი და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან.
მოგეხსენებათ, ამ მხრივ ჩვენი ევროპელი მეგობრები ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ ნაბიჯებს დგამენ. ის ჰარმონიზაცია, რაც დაკავშირებულია ევროპულ სივრცესთან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებასთან, წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან წინაპირობას, რომ ჩვენც ვისარგებლოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობებით და დავიწყოთ აქტიური ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით.
ჩვენ ამ გზაზე უნდა გვქონდეს ორი პრიორიტეტი. პირველი – აღმოვფხვრათ ის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დღეს გვერგო და მეორე – გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეს უნიკალური სიმდიდრე და უახლოეს წლებში მივიღოთ ისეთი შედეგები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მწვანე ეკონომიკის მქონე ქვეყნის პოზიციონირებას.
ჩვენი აზრით, ეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვას და მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით გარემოს, ამავე დროს, ვაგროვებთ ცოდნას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და, შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, სუფთა წყალს, ხარისხიან საკვებს. საბოლოო ჯამში კი – ჯანსაღ გარემოს და ძლიერ, კონკურენტუნარიან ეკონომიკას.
ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წლების განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომლებიც საერთო სტრატეგიის ნაწილი არ იყო, სამწუხაროდ უკუშედეგი მოგვცა. აქედან გამომდინარე, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გარემოსდაცვით პოლიტიკაში გადავდგამთ, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე, იქნება საერთო სტრატეგიისა და ხედვის ნაწილი.
შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავამკაცროთ გარემოსდაცვითი სტანდარტები და დავუახლოოთ ევროპულ სტანდარტებს.
მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ ნორმებთან, თუმცა, მომდევნო წლებში უფრო მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის განვითარების თვალსაზრისით.
ამ კუთხით, ჩვენ მართლაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს ურბანულ ქალაქებში და რაც უფრო დიდია ქალაქი, მით უფრო მწვავედ დგას სამწუხაროდ ეს პრობლემა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეფექტიანი პროგრამები ურბანული ქალაქებისთვის.
თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, კერძო სექტორს განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები და რეკომენდაციები, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოში.
მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღეში, 1-ლი აგვისტოდან ვიწყებთ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით. ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა, სწორედ ევროპული სტანდარტებით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება. ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარდება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეებს მუდმივ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება, კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. ასევე გაიზრდება ჰაერის ხარისხის მართვის მონიტორინგის ქსელი, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად დავგეგმოთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქის მიხედვით.
ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, ჩემი ინიციატივა იყო გარემოს დაცვის ომბუდსმენის შემოღება, რომელიც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება, რათა გვქონდეს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია, პირდაპირი კავშირი და უკუკავშირი ჩვენს საზოგადოებასთან, რომ მთავრობა იყოს ძალიან ოპერატიული და ეფექტური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.
ასევე ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი გახდება მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა. ჩვენი პრიორიტეტია, ეტაპობრივად ჩანაცვლდეს გაუმართავი და ამორტიზირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც, პირველ რიგში, შეეხება დედაქალაქს.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ ქალაქის მერთან, კახი კალაძესთან ერთად გავაკეთეთ ამ პოლიტიკის პრეზენტაცია და როგორც მოგეხსენებათ, 2018-2019 წლებში მთლიანად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. ამასთან ერთად, ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ ელექტროავტობუსების შემოყვანის პროცესს. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გადაადგილების საშუალება. ჩვენი პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ახალი მოძრავი შემადგენლობის შემოყვანას, ამავდროულად ვგულისხმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალელურად, ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ველობილიკებს, შშმ პირებისა და ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის გამართვის კომპონენტების ჩათვლით.
ამასთან ერთად, აუცილებელია მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობისა და დაგეგმარებისას გავითვალისწინოთ გარემოსდაცვითი ასპექტები, რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტს მოიცავს.
ეს ხელს შეუწყობს როგორც გარემოზე ზემოქმედების, ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტოპარკის ტექნიკური შემოწმება გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით. შესაბამისი ინიციატივების ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით.
ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს. ჩვენ ბენზინის სტანდარტი ავწიეთ, მაგრამ ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა გავრცელდეს დიზელის საწვავზე. მოგეხსენებათ, საქართველოში საკმაოდ მაღალია დიზელის მოხმარებაც, შესაბამისად, ჩვენი წინადადებაა, მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან უკვე გადავიდეთ ახალ სტანდარტზე, ავწიოთ სტანდარტი „ევრო 4″-მდე, ხოლო 2020 წელს – „ევრო 5″-მდე, რაც გულისხმობს იმას, რომ 10-ჯერ შემცირდება გოგირდის შემცველობა იმ საწვავში, რომლის იმპორტირებაც დღეს საქართველოში ხდება.
ასევე, ყველა ტიპის ავტომობილისთვის ტექნიკური დათვალიერების შემოღება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს დიზელზე მომუშავე ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების მკვეთრ შემცირებას.
ამასთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ იმპორტული ავტომობილების დაბეგვრის ისეთი რეჟიმის შემოღებას, როდესაც კიდევ უფრო მეტი უპირატესობა მიენიჭება ეკოლოგიურ ტრანსპორტს, მათ შორის მსუბუქ და დაბალი კუბატურის მქონე ავტომობილებს. მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისათვის გაიზრდება განბაჟების გადასახადი, რათა ჩვენ მოვახდინოთ მეტი სტიმულირება, რომ საქართველოში მეტი ჰიბრიდული და ელექტროავტომობილი შემოვიდეს.
საერთაშორისო ანალოგიით, მაღალკუბატურიანი ავტომობილების რაოდენობა საქართველოში ძალიან მაღალია. ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ 3,5 ლიტრზე მაღალი მოცულობის ძრავის მქონე მანქანები დაახლოებით 10%-ს შეადგენს, რაც რამდენჯერმე აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. ამ ცვლილებებით კიდევ უფრო გაიზრდება განსხვავება გადასახადებს შორის და ვფიქრობთ, უახლოეს წლებში შევძლებთ, მნიშვნელოვნად შევცვალოთ ავტომობილების სტრუქტურა საქართველოში და მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის ისეთ მანქანა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ძირითად მოთხოვნებს. სამწუხაროდ, საქართველოსი ჯერ კიდევ გრძელდება „ევრო 1″, „ევრო 2″ და „ევრო 3″-ის ტიპის მანქანების იმპორტი, რაც, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ეკოლოგიისთვის. ვფიქრობთ, ამ პოლიტიკის შემოღებით ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვლით ამ ძალიან ცუდ ტრენდს.
ამ ცვლილებების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით პირველად რეგისტრაციას გაივლიან 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, სავალდებულო გახდება, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარონ რეგისტრაციის თარიღიდან 30 დღეში.
მოგეხსენებათ, საქართველოში იმპორტირებული ავტომანქანების ფაქტობრივად 90%-ს არ აქვს გამართული ე.წ კატალიზატორის სისტემა, რაც ძალიან საშიშია და უკავშირდება, როგორც მანქანის ტექნიკურ გამართულობას, ამავე დროს გარემოზე ზემოქმედებას. შესაბამისად, ეს გახდება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ მანქანამ მიიღოს ტექნიკური შემოწმების შესაბამისი დოკუმენტი. სხვაგვარად იმპორტირებული ავტომობილები ამ შემოწმებას ვერ გაივლიან.
ჩვენ უმოკლეს ვადებში დავნერგავთ გარემოსდაცვით ინტეგრირებულ სანებართვო სისტემას, რომელიც საწარმოებს ტექნოლოგიური ციკლის თანამედროვე ტექნოლოგიებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩანაცვლებას დაავალდებულებს. მწვანე ინიციატივების წახალისებისთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დაინერგოს ეკომარკირების ინსტრუმენტი, რაც გულისხმობს პროდუქციის წარმოებაში ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების წახალისებას და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობას.
როდესაც მწვანე ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში გვექნება. მე დავაანონსე, რომ მნიშვნელოვნად შევცვლით პრიორიტეტებს სოფლის მეურნეობაში. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს. ჩვენი ბევრი ოპონენტი საუბრობს, რომ მასშტაბური ინვესტიციების მიუხედავად, სოფლის მეურნეობაში გარღვევა მაინც ვერ ხდება. მეგობრებო, ჩვენ უნდა განვასხვავოთ სოფლის მეურნეობა ნატურალური მეურნეობისგან. სამწუხაროდ, ის, რასაც ჩვენ და ჩვენი ოპონენტები სოფლის მეურნეობას ვუწოდებთ, გახლავთ არა სოფლის მეურნეობა, არამედ ნატურალური მეურნეობა, რაც საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი წყარო. დღეს სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია, იყოს დაკავებული არა სოფლის, არამედ ნატურალური მეურნეობით, ანუ აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომელსაც თვითონ იყენებს საკვებად. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომებით ჩვენ საქართველოში სიღარიბის დამარცხება გაგვიჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება სწორედ სოფლის მეურნეობა. საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. მოგეხსენებათ, რომ ნატურალური პროდუქტების გარკვეული ჯგუფი ჩვენ გავათავისუფლეთ დღგ-სგან, მაგრამ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა და შემოდგომაზე წარმოგიდგენთ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი იქნება სოფლის მეურნეობაში. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სწორედ ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე. ჩემი პირადი ამოცანაა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავუნულოთ და გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას.
აქვე მინდა, შევეხო ენერგოეფექტურობის პოლიტიკას . აქაც ქვეყანას ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის პოტენციალი. ეკონომიკის ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგოტევადობის შემცირების, ენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების და მოხმარების სწორი მართვისა და ზოგადად ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით სათანადო პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება იქნება ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. თუ ჩვენ ავიღებთ დასავლეთ ევროპის მაგალითს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 20%-იანი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ენერგოეფექტურობაში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მივიღოთ.
ჩვენი მიზანია და განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ, ახალი მწვანე, რეკრეაციული სივრცეების შექმნას ქალაქებში, ისევე როგორც არსებულის მოვლას და განახლებას. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება დაცული ტერიტორიებისა და ყველა ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ეკოსისტემების განვითარებაში. და რაც მთავარია, ტყის სარეკრეაციო და ტურისტული მიზნებისთვის განვითარება იქნება ამ სექტორში ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი.
დღეს გამწვანებაზე ფიქრი ყველა ჩვენგანის ვალი და ამოცანაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად კი მიმაჩნია ტყეზე ზრუნვა. იცით, რომ ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა. ის სურათი, რაც ჩვენ ბოლო წლებში მივიღეთ, შეიძლება ითქვას, რომ ბევრ რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. დღეს მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახლავთ კლიმატური ცვლილებები და იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ასეთი გამოწვევები არსებობს, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად გვაწვება ის მდგომარეობა, რაც საქართველოში გვაქვს ტყის მოვლის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა იქნება ძალიან პრინციპული და თანმიმდევრული. ტყე არის საქართველოს სიმდიდრე, მას უნდა გავუფრთხილდეთ და ის უნდა განვავითაროთ. კარგად მესმის, რომ იმ სიღარიბის ფონზე, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ძალიან რთულია, ვთქვათ რადიკალური უარი სხვადასხვა მიმართულებით ტყის გამოყენებაზე, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით პრინციპული ნაბიჯების გადადგმა არ დავიწყოთ. ჩვენ მთავრობის გასულ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოვაცხადეთ, რომლის მიხედვითაც საქართველოში იმპორტირებული ხე-ტყის შემოტანას წავახალისებთ. ამასთან ერთად, ჩვენ საქართველოდან შევზღუდავთ ე.წ მორისა და ხის ფიცრის გატანას. ეს არ არის ის ღირებულება, რომელიც საქართველოში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. არა, ეს მხოლოდ აჩანაგებს ჩვენს მთავარ სიმდიდრეს – ტყის საფარის მოცულობას საქართველოში. ჩვენ წავახალისებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც საქართველოში შექმნის სამუშაო ადგილებს და განავითარებს მაღალი ღირებულების მქონე სექტორებს. ამასთან ერთად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ ტყის დაცვის პოლიტიკაში, რომ ტყის მართვის პროცესში სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა იყოს დასაქმებული. ეს სამუშაო ადგილები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გარწმუნებთ, ამ სამუშაო ადგილების რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ შევძლოთ და ადგილზე უზრუნველვყოთ სტაბილური შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის.
აქვე მინდა შევეხო იმ პერსპექტივას, რასაც ჩვენ ვგრძნობთ მწვანე სტრატეგიის იმპლემენტაციის გზაზე. ბევრი წამყვანი ეკონომისტის მოსაზრებით, 21-ე საუკუნეში სწორედ მწვანე ეკონომიკას აქვს ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მოტანის საშუალება. ჩვენი მცირე ეკონომიკისთვის ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა, მაგრამ ამ მისი გამოყენებისთვის აუცილებელია, თანმიმდევრულნი ვიყოთ ჩვენს ნაბიჯებში. გარწმუნებთ, რომ ამ რეფორმის შედეგად ჩვენ საქართველოში მივიღებთ სრულიად უნიკალურ გარემოს და ეს კაპიტალიზაცია შეეხება ნებისმიერ მიმართულებას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში უძრავი ქონების ფასი უფრო მაღალი იქნება, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ფლობენ, როგორც მიწის ნაკვეთებს, ბინებს თუ კერო სახლებს, უფრო მეტი კაპიტალის მფლობელები გახდებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნება უფრო კონკურენტუნარიანი და ჩვენ შევძლებთ, ავითვისოთ ის უნიკალური საშუალება, რასაც გვაძლევს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, როგორც ჩინეთთან, ასევე – ევროკავშირის ქვეყნებთან.
რაც მთავარია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, განათლების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმასთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მთავარს, რომ საქართველო იყოს განვითარებული ეკონომიკის, ნამდვილი ევროპული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა და ეს გახდება ერთადერთი უალტერნატივო წინაპირობა ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ ერთად ვაშენოთ ძლიერი და ევროპული საქართველო”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0