პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

21/03/2024

ძმებო და დებო, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

„მიხარია, რომ მაქვს ამ სიხარულის თქვენთან ერთად გაზიარების შესაძლებლობა. ქართველებს და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გვაკავშირებს. ჩვენ და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ვქმნით ჩვენს დღევანდელ წარმატებას და შევქმნით ჩვენს ბედნიერ მომავალს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ გვაკავშირებს ასეთი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, ბედნიერება, სიკეთე თქვენ და თითოეული თქვენგანის ოჯახებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა, ეწვია ეთნოკუთხეს, ასევე დაესწრო სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0