პრემიერ-მინისტრი მორაგბეებს შეხვდა

26/10/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეებს შეხვდა და მოახლოებულ მნიშვნელოვან ტეტსტმატჩებში წარმატება უსურვა. ნაკრების მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდნენ და „ბორჯღალოსნებს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს.
საქართველოს ნაკრები ნოემბერში 3 ტესტმატჩს გამართავს. 10 ნოემბერს ჩვენი გუნდი ფლორენციაში, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 17 ნოემბერს „ავჭალის“ სტადიონზე სამოას უმასპინძლებს, ხოლო 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ტონგას.
ამ სამი შეხვედრიდან განსაკუთრებულ ინტერესს იტალიასთან შეხვედრა იწვევს. იტალიელებთან მატჩს საქართველოს ნაკრები დიდი ხანია ელოდა და საბოლოოდ ეს შანსი მიიღო.
პრემიერ-მინისტრმა ქართველ მორაგბეებს წარმატება უსურვა და სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
2012-2018 წლებში სახელმწიფომ „რაგბის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 71 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა მოხმარდა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მოსამზადებელ შეკრებებს, მგზავრობას, ამუნიციას, მწვრთნელთა ანაზღაურებას და ა.შ.
„ფონდმა ქართუმ“ კი 200 მილიონ ლარამდე დახარჯა სტადიონების და საწვრთნელი ბაზების მშენებლობაზე.
აშენდა და მმართველობაში რაგბის კავშირს გადაეცა სტადიონები და ბაზები – თბილისში, რუსთავში, მარტყოფში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, თელავში, ასპინძაში და ფოთში. ყველაზე დიდი ინვესტიცია დედაქალაქზე მოდის, თბილისს 5 სარაგბო კომპლექსი შეემატა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურას შეემატა რამდენიმე მუნიციპალური სტადიონი – ხვამლის არენა, ვანის სტადიონი, სამ მოედნიანი კომპლექსი მუხიანში, ხელოვნურ საფარიანი მოედანი ვაზის უბანში და სოფელ პატარძეულის სტადიონი, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა აღადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0