13 ივნისი არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის; ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და სადღაც, ბოლოში სინათლე დაგვანახოს. ეს ის მაგალითია, რომელიც დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია. ეს ახალგაზრდები არიან იმედის და მაგალითის მომცემი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მზიურის განახლებული პარკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაური განახლებულ პარკში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 13 ივნისის მსგავს გამოწვევებთან წარმატებით გამკლავების შედეგად იქმნება წარმატებული სახელმწიფოები.
„დღეს ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღეა. 2015 წლის 13 ივნისი ყველას გვახსოვს, ეს იყო შოკისმომგვრელი სტიქია თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას გვახსოვს, რა მძიმე იყო პირველი წუთები, სტიქიის მოცულობისა და მასშტაბის გააზრება. ეს იყო სრულიად მოულოდნელი სტიქია, რომელსაც შეეწირა ჩვენი 21 მოქალაქის სიცოცხლე, 2 კი დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანმა განიცადა სერიოზული ზარალი. მინდა აღვნიშნო ზურაბ მუზაშვილი, გმირი მაშველი, რომელმაც 8 მოქალაქე გადაარჩინა, წყლიდან გამოიყვანა, მაგრამ თავად დაიღუპა. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს დღე, ეს სახელი და ეს ადამიანები. ეს არის უდიდესი ტკივილის დღე,მაგრამ როგორც ქართველებს გვჩვევია, ვიდრე რაღაც დიდი გამოწვევა არ გვაქვს, არ გავერთიანდებით, ეს არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი. ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და სადღაც, ბოლოში სინათლე დაგვანახოს.ეს ის მაგალითია,რომელიც დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია. ეს ახალგაზრდები არიან იმედის და მაგალითის მომცემი. 13 ივნისი დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ დიდი იმედის დღეც არის. ეს ის თაობა იყო, რომელმაც აჩვენა სასწაული ორგანიზებულობა, ისეთი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც არავინ ელოდა. ეს ახალგაზრდები დაორგანიზდნენ და გააკეთეს საქმე, რომელიც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა გაეკეთებინა, ამიტომ მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ეს ის თაობაა, რომელმაც სულ ახლო მომავალში, ამ ქვეყნის განვითარებაში თავისი სიტყვა უნდა თქვას და ჩვენ მათი იმედი უნდა გვქონდეს. ისეთი გამოწვევების, ისეთი პრობლემების, ბრძოლების, როგორიც იყო 13 ივნისი და როგორც ვიბრძვით დღეს, ასეთი ბრძოლების წარმატებით დასრულების შედეგად იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, წარმატებული თაობები მე დარწმუნებული ვარ, ეს ის თაობა იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თავის სიტყვას იტყვის. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, მინდა მწუხარება გამოვთქვა იმ მოქალაქეების გამო, რომლებიც დავკარგეთ და ვიმედოვნებ, ის ყველაფერი, რაც ამ 5 წლის განმავლობაში გაკეთდა, ამ ქალაქს ასეთ დიდ რისკს აარიდებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მზიურის პარკის რეაბილიტაციისთვის გაწეული შრომისთვის ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა.
„ჩატარებულია უდიდესი სამუშაო. მადლობას ვუხდი ელჩ კარლ ჰარცელს პარკის რეაბილიტაციის პროცესში ევროკავშირის წვლილისთვის და რა თქმა უნდა – თბილისის მერს, რომელმაც ეს ყველაფერი, როგორც მას სჩვევია, გემოვნებით და რაც მთავარია, ყველასთვის, თბილისელებისათვის, მათზე ზრუნვის უდიდესი გამოვლინებით დაასრულა. მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დავკარგეთ, გავიხსენოთ ის გმირი მაშველი, რომელმაც 8 მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა და მათ გადარჩენას თავი შესწირა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ყველანაირი თხოვნის გარეშე, დადგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ და გააკეთეს ის საქმე, რომელიც მათ სამშობლოს, მათ ქალაქს და მათ მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ერთმანეთზე ზრუნვა არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი წარმატებული მომავლისთვის”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მზიურის განახლებული პარკის გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელმა და ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრებმა.