პრემიერ-მინისტრი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს შეხვდა

28/02/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს შეხვდა. შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ პრემიერს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.
როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, საქპატენტი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საზღვარგარეთ დაცვის კუთხით მუშაობს. ამ მიმართულებით გაფორმდა ურთიერთაღიარების ხელშეკრულება საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის, ასევე რამდენიმე ქვეყანაში განხორციელდა და კვლავ გრძელდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების პირდაპირი წესით რეგისტრაცია. საქპატენტის თავმჯდომარის თქმით, კვალიფიციური კადრების მოძიებისა და მომზადების მიზნით დაიწყო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. სტაჟიორების ნაწილი უკვე აყვანილია სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე მიმდინარეობს კონკურსი. როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში. ამ მიმართულებით, პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე. ასევე, ტენდერის გზით შეირჩა აუდიტორული კომპანია, რომელიც საქართველოში მოქმედი კოლექტიური მართვის ორგანიზაციების მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის საკითხებს შეისწავლის. ასევე, საქართველომ მოიპოვა გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ჩატარების უფლება და სიმპოზიუმი ივნისში გაიმართება თბილისში. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0