პრემიერ-მინისტრი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს და დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

31/10/2019

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქტაის და დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს შეხვდა. ვიცე-პრეზიდენტ ოქტაისთან პირისპირ შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ხაზი გაესვა საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობას ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პროცესში. აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტები ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ახალ დინამიკას შესძენს.
გიორგი გახარიას თურქეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში უმასპინძლა დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფმა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის მნიშვნელოვან როლს, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
მაღალი დონის შეხვედრებზე თურქულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნას და მუზეუმი დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0