საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ასევე ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირის წევრობისადმი. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა ურყევია. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა გერმანიის მონაწილეობის მნიშვნელობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მნიშვნელოვანი ექსპერტული და ფინანსური ჩართულობის კუთხით.
პრემიერ-მინისტრი გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს შეხვდა
11/07/2023