პრემიერ-მინისტრი ბიზნეს ასოციაციის წევრებს ხვდება

18/01/2016

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ხვდება.

შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ესწრება.

შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან კომენტარი ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ გააკეთა, რომელმაც მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე და პოლიციურ გამოსახლებაზე ისაუბრა.

გვასალიას თქმით, მოგების საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ესტონური მოდელი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა, კონკრეტული საკითხი, რომლის დაყენებაც გვინდა, ეს არის პოლიციური გამოსახლება.

ეს იმდენად საბანკო სექტორის პრობლემა არ არის, რამდენადაც საზოგადოების, რადგან ეს ეხება ხშირად საკუთრების უფლების შეზღუდვას და მისი დაცვის გარანტიებს“, – განაცხადა გვასალიამ.

ამასთან, გვასალიას თქმით, საბანკო სექტორს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ გამოსახლებების მაღალი პროცენტია. თუმცა, მისი თქმით, საბანკო სექტორის როლი იმდენად მცირეა, გათვალისწინებაც არ არის საჭირო.

ამასთან, მისი თქმით, მოგების გადასახადთან დაკავშირებით ცვლილების განხორციელება ინვესტიციების მოსაზიდად და ეკონომიკის განვითარებისთვისაა.

„ეს არის ინვესტიციების მოსაზიდად. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მოგება კვლავ ჩატრიალდეს და ეკონომიკის განვითარება მოხდეს“, – განაცხადა გვასალიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0