საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისს ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. მთავრობის მეთაურმა მასაცუგუ ასაკავას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღინიშნა ADB-ის განსაკუთრებული მხარდაჭერა ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების თვალსაზრისით, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და განათლების სფეროებში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ითქვა, რომ საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგია (CPS) მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას და ამ კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტრუქტურულ რეფორმებს და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას. საუბარი შეეხო მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დღეის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 16 აქტიური საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
04/05/2024