პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

23/12/2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ჩემპიონატის საორგანიზაციო და მოსამზადებელი საკითხები. აღინიშნა, რომ ბაკურიანში მოეწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში იყოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 2000-მდე საერთაშორისო სტუმარი, რომელიც ბაკურიანში 42 ქვეყნიდან ჩამოვა. ჩემპიონატის მსვლელობის პარალელურად, მთავრობის ორგანიზებით, მუდმივ რეჟიმში გაიმართება გასართობი ღონისძიებები.
მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ჩემპიონატი 2023 წლის 16 თებერვლიდან – 5 მარტის ჩათვლით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა სამი ახალი საბაგირო, 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, ორი წყლის ხელოვნური რეზერვუარები, ჯამში 307 000 კუბური მეტრი, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ იქნა სპეციალური ტექნიკა, უსაფრთხოების ინვენტარი. განხორციელდა დაახლოებით 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0