პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლებს შეხვდა

23/02/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი და ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი მაკა ფერაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიმოიხილეს გასული წლის მუშაობის შედეგები, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული თანასწორობის განმტკიცებისა და მავნე პრაქტიკების აღმოფხვრის მიზნით მულტიდისციპლინური მიდგომების გაძლიერების საჭიროებას, რაც ასევე მოიცავს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების გააქტიურებას. მხარეებმა განიხილეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (განსაკუთრებით შშმ ქალთა) დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. საუბარი შეეხო მცირეწლოვანი შვილების მშობლებისთვის შრომითი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობის შესაძლებლობებს და სხვა რელევანტურ საკითხებს. შეხვედრები გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ემსახურება. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო ნაბიჯებსა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0