იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს, – აღნიშნული დავალება შესაბამის უწყებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მისცა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამასთან, პრემიერის დავალებით, მოკლე ვადებში განხორციელდება სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს. როგორც ცნობილია, ქვეყანაში მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული 4 სახეობის ვაქცინის ჯამში 2 მილიონი დოზა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართოს და მოქალაქეებს აცრის შესაძლებლობა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპითაც შეეძლოთ. საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 13 800 აცრა; ხოლო დღეს დაგეგმილია 14 300 აცრა. საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას, შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება, როგორც დამატებითი საწოლების მობილიზება, ისე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები არსებული საწოლფონდის განტვირთვის მიზნით. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაგრძობს კლინიკური სასტუმროებისა და ოთახების დამატებით მობილიზებას, რათა ეფექტურად გაგრძელდეს კოვიდინფიცირებულთა იზოლაციის პროცესი და გაწყდეს ვირუსის გადაცემის ჯაჭვი. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და დგამს შესაბამის ნაბიჯებს, ვითარების ეფექტური მართვისთვის. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, ზედმიწევნით დაიცვან მოქმედი რეგულაციები, მათ შორის სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე – ღია სივრცეებში, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში. როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, კვლავ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 407 689 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 376 088 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 731 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 64 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1763 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 5185 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე მომზადდება
27/07/2021