საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან ერთად, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები მოინახულა. პრემიერ-მინისტრმა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძისაგან დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სპეცრაზმელებს გაწეული მამაცობისათვის მადლობა გადაუხადა. ,,როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი. სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. დანარჩენი ბიჭები მკურნალობენ, როგორც მოგეხსენებათ სამი დაჭრილია, მინდა მათ ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, სპეცრაზმის თანამშრომლებს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შსს-დან, მათი გმირობის შედეგად მივიღეთ ის, რომ განეიტრალდა საფრთხე. ასევე, მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა ექსპერტები, რომლებიც ასეთ სიტუაციებში გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს, არ არის გამართლებული. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ასეთი ტიპის სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. მე მგონი უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით. მე დიდი იმედი მაქვს რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა შეიძლება შეკითხვები დაისვას და ბუნებრივია არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ასეთი ტიპის შეკითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი. ასევე მინდა ვთქვა, რომ ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმისა, რომ უსაფრთხოებასთან მიმართებაში რაიმე შიში არსებობს არ არის. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა შეძლეს ის, რომ გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო. ასევე მინდა გავცე პასუხი იმ სპეკულაციებს, რომ სპეცოპერაცია გაგრძელდა დიდი ხანი და ა.შ. რა თქმა უნდა შესაძლებელია სხვადასხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო და ეს ჩვენი სპეცრაზმის თანამშრომლებმა შეძლეს. ჩვენ გვინახავს სხვა ტიპის სპეცოპერაციები, სხვა ქვეყნებში სადაც შენობებს ანგრევენ და ასეთ შედეგზე არიან ორიენტირებული, ჩვენ სხვა სტილი გვაქვს, სხვა ხელწერა გვაქვს და მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც თავისი სიცოცხლის ფასად მოიტანა ის შედეგი რაც ახლა გვაქვს. ასევე, ისიც მინდა ვთქვა – გაისმა შეკითხვები, რომ ქალაქის ცენტრში აღმოაჩინეს და როგორ აღმოჩნდნენ… რა თქმა უნდა ისინი დღეს არ იყვნენ აღმოჩენილები, არსებობდა წინასწარი ინფორმაციები და მათი აღმოჩენა არის ამ წინასწარი მუშაობის შედეგი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ სიტუაციაში არასწორია, რომ ყველა გახდა საქმის ექსპერტი, უნდა დავასრულოთ სპეკულაციები, უფრო მეტად ღირსეულად მოვიქცეთ და მადლობა გადავუხადოთ ამ ბიჭებს. რაც შეეხება ეჭვმიტანილებს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ჩვენ არავითარ შემთხვევაში მათ ეროვნებას და მოქალაქეობას, მოქალაქეობრივ კუთვნილებას არ უნდა გავუსვათ ხაზი. ფაქტია, რომ მათ მშვიდობიან მოწოდებაზე ჩაბარებოდნენ პოლიციას უპასუხეს სროლით და ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ყველანაირი ეჭვი, რომ შეიძლებოდა გაცილებით უარესი შედეგი ყოფილიყო არის აბსოლუტურად დასაბუთებული და სპეცრაზმმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სწორად.“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა სპეცოპერაციისას დაშავებული სპეცრაზმელები მოინახულა
22/11/2017