პრემიერი მზადაა, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი არ გააუქმოს

17/07/2016

თურქეთში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზადაა, რომ თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი არ გააუქმოს, – ამის შესახებ მანანა კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა თურქეთში გარდაცვლილი ადამიანების გამო ღრმა მწუხარება გამოხატა. მისივე თქმით, ცივილიზებული მსოფლიოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია არჩეული ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით დამხობა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნებისმიერი ასეთი მცდელობა სწრაფად უნდა იყოს აღკვეთილი და სამართლის ჩარჩოში უნდა მოხდეს ამ მძიმე დანაშაულის გამოძიება. მისივე თქმით, ნებისმიერი დამნაშავე სწორედ სასამართლოს გზით უნდა გასამართლდეს და ნებისმიერი სასჯელი მხოლოდ სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

”პრემიერ-მინისტრის ვიზიტია დაგეგმილი. მიუხედავად ამ ძალიან ტრაგიკული მოვლენებისა და პრაქტიკულად, ძალიან საფრთხის შემცველი გარემოსი, რაც რეალურად ვნახეთ, ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის მხრიდან არის მზაობა, რომ ეს ვიზიტი ყველაფრის მიუხედავად განხორციელდეს, რა თქმა უნდა, თუკი თავად თურქული მხარე ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეძლებს ჩვენი დელეგაციის მიღებას. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ვიზიტისთვის მზადაა და არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ მომხდარა გაუქმება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ თურქეთის სახელმწიფოს გვერდით. ჩვენი ინტერესია, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რაც შეიძლება მალე აღდეს და თურქი ხალხი ჩვეულებრივ ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდეს”, – განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0