პრემიერის მორიგი მიმართვა მერს- “მოსახლეობას აწუხებს, რომ მათ, შესაძლოა, ოთხივე მხრიდან კორპუსები აუშენონ”

26/01/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობამდე, გარდამავალ პერიოდში განსაზღვრული წესები იმოქმედებს, – შესაბამისი თხოვნით პრემიერმა თბილისის მერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმართა, რომელზეც თბილისის მერიის პროექტები განიხილეს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც ცნობილია, გენერალური გეგმის დასრულებას გარკვეული პერიოდი, დაახლოებით წელიწად-ნახევარი სჭირდება, გარდამავალ პერიოდში რეგულაციების არარსებობა კი საზოგადოებაში შეშფოთების საგანია.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ზუსტად უნდა განისაზღვროს წესები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარეები გარდამავალ პერიოდში იმოქმედებენ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია, რათა რეგულაციების არარსებობის პირობებში არ მოხდეს ისეთი ნებართვების გაცემა, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გარემოს, საცხოვრებელ ან სარეკრეაციო ზონას.
„გენერალური გეგმის არსებობამდე პერიოდი საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანია. კერძო დასახლების მცხოვრებლებს აწუხებთ ის, რომ მათ, შესაძლოა, ოთხივე მხრიდან კორპუსები აუშენონ. მოსახლეობას ამ მიმართულებით განუკითხაობის მოლოდინი აქვს და ეს საკითხი მოკლე ვადებში უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მერიის პროექტების პორტფელის პრიორიტეტიზაცია და პროექტების შესრულების ვადები.

პრემიერ-მინისტრმა მერს თბილისის სარეკრეაციო და ე.წ City resort-ების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში წარმოდგენა სთხოვა.

 

Tweet about this on TwitterShare on Facebook0