საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
”საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი”, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
პარლამენტმა გუშინ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ პარლამენტის დადგენილება პრეზიდენტის ადმინისტრაციას გუშინვე გადაეგზავნა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა და შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ორი დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს.
110-ხმით, 19-ის წინააღმდეგ პარლამენტმა გიორგი კვირიკაშვილის მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.
პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა
27/11/2016