საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის „მე და კონსტიტუცია“ მონაწილეებს შეხვდა და სერთიფიკატები გადასცა.
პროექტი „მე და კონსტიტუცია“ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიამ“ განახორციელა და მის მიზანს კონსტიტუციის პოპულარიზაცია და ქვეყნის უმაღლესი კანონის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა.
პროექტში ჩართული იყო საქართველოს 500-მდე საჯარო და კერძო სკოლა.
გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილე მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა.
„დღევანდელი დღე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. 21 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ქართული სახელმწიფოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიიღო.
დოკუმენტი, რომელიც განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ძირითად პრინციპებს და ძირითად მიმართულებებს.
კონსტიტუცია ალბათ არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი. კონსტიტუცია შესაძლოა, ბევრად უფრო მეტად არის ჩვენი საზოგადოების თანაცხოვრების, მშვიდობიანად განვითარების, მიზნების მიღწევის ძირითადი სახელმძღვანელო.
ამ დოკუმენტის ირგვლივ ფუნქციონირებს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ არამხოლოდ. ამ დოკუმენტში დაცულია ის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც თანამედროვე სახელმწიფოში ადამიანს სახელმწიფოს მშენებლობის არა უბრალოდ სუბიექტად აქცევს, არამედ ამ პროცესის მთავარ ობიექტად თვლის.
თავისუფალი ადამიანების მიერ შემქნილი თავისუფალი საზოგადოება, სწორედ ამ დოკუმენტის სულისკვეთებაში იკვეთება.
25 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლობას მივაღწიეთ და ამ გზას ახლა თავისუფლების მიმართულებით ვავითარებთ. სწორედ კონსტიტუციით, კონსტიტუციის პატივისცემით, მისი ღრმა შესწავლით, ჩვენ ვადგევართ ამ გზას. ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ ეს დღე გამოცხადდეს უქმედ და ალბათ რაღაც კონკრეტულ მომენტში ჩვენ ამას მივაღწევთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გორის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ქურდაძე, რომელმაც „ანდროიდის“ სისტემისათვის „საქართველოს კონსტიტუციის“ მობილური აპლიკაცია შექმნა პრეზიდენტმა კომპიუტერით დააჯილდოვა, ხოლო პროექტში მონაწილე თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისათვის საქართველოს კონსტიტუციაში გამოყენებული ტერმინოლოგიის შესაბამისი ჟესტები შეიმუშავეს, პლანშეტებით.
გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს და ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიას“, რომელმაც აღნიშნული პროექტი განახორციელა.