პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებსა და მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს

11/09/2017

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფოს იმიჯი შეილახა იმ შთაბეჭდილების შექმნით, რომ საზოგადოებას არ შეუძლია შეთანხმება უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ამიტომ პრეზიდენტი გამოსავლის სახით პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ პროექტზე ერთობლივი, კონსენსუსური ვარიანტის შექმნას და შემდგომ მმართველი გუნდისთვის წარდგენას სთავაზობს.
„მე გიწვევთ, რომ ვიმუშაოთ კონსტიტუციის არსებულ კანონპროექტზე, რაც აპრიორი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ კონსენსუსისკენ მივდივართ იმიტომ, რომ როგორც დაიწერა კონსტიტუცია, რა ფორმითაც დაიწერა, შესაძლებელია ეს არ არის ის, როგორც მე ან თითოეული თქვენთაგანი დაწერდა კონსტიტუციას. სრულიად შესაძლებელია კონსტიტუცია დაწერილიყო სრულიად სხვა პროცესის შედეგად, სრულიად სხვა ლოგიკით, სრულიად სხვა აქცენტებით, მაგრამ უკვე რაღაც დოკუმენტი დაიდო, ამას ვცემთ რა პატივს, რომ ეს პოლიტიკური ფაქტია აი ეს დოკუმენტი ავიღოთ, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებლად იმპროვიზაცია, არამედ ეს დოკუმენტი ავიღოთ, მოვნიშნოთ ის ძირითადი პუნქტები, რომლებიც ძირითადი წინააღმდეგობის თემა იყო დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის რომელზეც შეთანხმდებით თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ხართ და ეს შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას როგორც გამოსავალი; როგორც გამოსავალი და კონსენსუსის ფაქტი. აგრეთვე, დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შესაძლებელია საქართველოში რომ განსხვავებული, დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ აი ასეთ საქმეს და ერთად თანხმდებოდნენ ძირითადზე – რასაც ჰქვია სახელმწიფოს პრინციპები და არქიტექტურა. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ჩემი აზრით, გამოვიყვანთ ქვეყანას იმ რთული ვითარებიდან, რომელშიც დღეს სამწუხაროდ არის და რომელსაც ასე ხატოვნად გამოხატავს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, როდესაცამბობს, რომ ის იმედგაცრუებულია. ეს არ არის მარტო იმედგაცრუება მმართველი პოლიტიკური ძალით, არამედ ეს საბოლოოდ გადაითარგმნება, როგორც იმედგაცრუება საქართველოთი, სადაც ვერ ხერხდება რაღაც ძირითადზე შეთანხმება. მე მოგიწოდებთ ეს გავაკეთოთ; მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება აგრეთვე გარკვეული შესაძლებლობა, კიდევ ერთი შანსი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, რომ დაფიქრდეს იმაზე, რომ ასეთ კონსესუსის უნდა გაუწიოს ანგარიში, იმიტომ რომ მე რასაც ვუყურებდი ბოლო დროს ძალიან უცნაური იყო მთელი ის პოლემიკა, რომელიც ხდებოდა. „ზეპირად გვითხარით“, „შეხვედრაზე გვითხარით“, „წერილობით გამოგვიგზავნეთ“, მერე რაღაცა „სიმღერა დაწერეთ და კომიქსებად გამოგვიგზავნეთ“, მერე რაღაცა „არ მოგვწონს“, „ულტიმატუმია“ – ეს აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი იყო. შევქმნათ ესეთი ერთობლივი, წერილობითი კონსენსუსის დოკუმენტი, მივართვათ მმართველ პოლიტიკურ ძალას, მცირე იმედი მაქვს, ეს გააჩენს გარკვეულ გააზრებას იმისას, რომ არ შეიძლება ერთპარტიული კონსტიტუცია იწერებოდეს იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს დემოკრატიულობაზე და ევროპულ პროცესში პროგრესულობაზე და ლიდერობაზე პრეტენზია. თუ ასეთი დოკუმენტი არ იქნება მიღებული, შემდეგ შეიძლება უკვე ეს ტექსტი, კონკრეტული, რომელიც ჩვენს მიერ იქნება შექმნილი, სხვა მიზნებისთვისაც იქნას გამოყენებული. ამისთვის გთხოვეთ მობრძანება. ამისთვის მინდა გთხოვოთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ იმ პროცესში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის, პლიუს კიდე კონსტიტუციის ჩიხიდან გამოსვლის პროცესი ჰქვია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის ამ ინიციატივას პარტიების ლიდერები მიესალმნენ და მზადყოფნა გამოთქვეს, ერთიან დოკუმენტზე იმუშაონ. პრეზიდენტის შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წევრებთან ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საპარლამენტო მდივანი, პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველი და მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0