პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მას არ ჰყავს მოკავშირეები არც ერთ პოლიტიკურ ძალაში იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლოს რეფორმა, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ იმის შესახებ თუ რატომ ჭიანურდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა. მიშველაძის თქმით, სწორედ ამით შეიძლება აიხსნა ის პროცესი, რაც მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ხდება. პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, ამ დროისთვის კანდიდატებთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არავისთან არ შემდგარა.
„მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა ლევან ბოძაშვილი. ის არის მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი პროფესიული სტანდარტების ადამიანი. ამ დრომდე ბოძაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა. მანამდე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის სამართლებრივად მრჩეველი, მუშაობდა გაერო-სა და ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში. იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი. რაც მთავარია მას აქვს სუფთა წარსული, რაც აუცილებელია მოსამართლისთვის“, – განაცხადა მიშველაძემ.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემა საჭიროებს ძირეულ და ფართომასშტაბიან ცვლილებებს. ეკა მიშველაძის განცხადებით, მართლმსაჯულება ვერ განხორციელდება მოსამართლეების გარეშე.
„მოსამართლეები პირველ რიგში სჭირდება სასამართლოს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება გათავისებული აქვთ პარლამენტის წევრებსაც და გულისყურით მოეკიდებიან წარდგენილი მოსამართლეების დამტკიცებას, რასაც უკვე მრავალი თვეა ვერ ახერხებენ“, – აღნიშნა მიშველაძემ.