პრეზიდენტი უნდა მოიქცეს კარგად, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ prof-news-ის კითხვას, როგორ უნდა მოიქცეს გიორგი მარგველაშვილი და როდის უნდა გამოაცხადოს წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად.
ქანთარიას თქმით, მარგველაშვილი უნდა მოიქცეს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას.
„ის ეხლა არის საფრანგეთში. საკმაოდ ბევრი დრო ჰქონდა, რომ შორიდანაც შეეხედა თავისი ქვეყნისთვის. საკმაოდ ხანგრძლივი ტურნე გამოუვიდა და უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ხუთთვიანი საარჩევნო კამპანია გადამღლელი იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის და გამაღიზანებელიც“, – განაცხადა ქანთარიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მთავრობის მიერ გადაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს, რადგან ამაში „დიდი პრინციპული არაფერი არ არის“.
„თავისუფლად შეიძლება ამაზე შეთანხმება. ეს არ არის რაიმე მრწამსის, იდეოლოგიის ან ღირებულების დაცვა. 8 ოქტომბერს იქნება არჩევნები და ალბათ სამი თვე წინასაარჩევნო კამპანიისთვის სავსებით საკმარისია. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მარათონი ფაქტობრივად უკვე დაწყებულია და ამაზე ოფიციალური სტარტის მიცემა არ იქნება პოზიტიური. საქართველოს პრეზიდენტმა ეს უნდა გააკეთოს სავსებით მშვიდად, წყნარად და ნორმალურად“, – განაცხადა ქანთარიამ.
8 ოქტომბერს არჩევნების თარიღის დასახელებას პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. მათი განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად ითვლება არჩევნების თარიღის გამოცხადებისთანავე, ხოლო პრეზიდენტის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარითად 8 აგვისტოს დასახელება გაუგებარია, მაშინ როცა არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია. პრემიერმა გიორგი მარგველაშვილს მიმართა და არჩევნების თარიღის ივლისში გამოცხადება სთხოვა, თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დადგენილებას მაისში გამოსცემს.