პრეზიდენტის სასახლეში შობის მახარობლებს გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა დახვდნენ

07/01/2016

ალილოს მსვლელობის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს დღეს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს და ტრადიციული „ალილო“ შეასრულეს.

პრეზიდენტის სასახლეში შობის მახარობლებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად დახვდნენ და საშობაო საჩუქრები პირადად გადასცეს.

პრეზიდენტმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა.

„კიდევ ერთხელ მთელ საქართველოს მივულოცავ ამ მშვენიერ დღესასწაულს, რომელიც ალილოს მონაწილეებმა ამ ბრწყინვალე განწყობით მოიტანეს ჩვენთან. ჩვენი მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებულია ის საოცარი სიყვარული, რომელიც მაცხოვარმა მოიტანა ამ სამყაროში, რის შემდეგაც კაცობრიობა შეიცვალა და ცხოვრობს სიყვარულით, შენდობით და პოზიტიური ემოციის დამკვიდრების მცდელობით. ყოველ წელს არის ამის შესაძლებლობა, რომ ამ ძალამ კიდევ ერთხელ გაიღვიძოს და კიდევ ერთხელ გააძლიეროს ჩვენი ყველაზე ნათელი უნარები და გრძნობები რაც გვაქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ალილოს მონაწილეებს შობა პირველმა ლედიმაც მიულოცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0